პარლამენტის ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე სასამართლოსთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება მოხდება
პარლამენტის ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე სასამართლოსთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება მოხდება

პარლამენტის ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე სასამართლოსთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება მოხდება, კანონპროექტი უმრავლესობის წევრებმა მოამზადეს. პროექტის მიხედვით, პირის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე არჩევისთვის დადგენილი ერთ-ერთი მოთხოვნა – სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ხუთი წლის გამოცდილების ქონა – იცვლება სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილების მოთხოვნით.

ასევე, კანონპროექტის მიხედვით, რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცედურასთან დაკავშირებით ზუსტდება, რომ გასაჩივრების შედეგად კანდიდატის ხელახალი შეფასებისას და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელახალი წარდგინების მიღებისას საბჭოს წევრები ითვალისწინებენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილებას.

ცვლილებები მოიცავს მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების საკითხებსაც. კერძოდ, ზუსტდება მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების საფუძვლების შინაარსი და მოსამართლის თანხმობის გარეშე მისი სხვა სასამართლოში მივლინების ვადის გაგრძელების მაქსიმალური ხანგრძლივობა ორი წლიდან მცირდება ერთ წლამდე. ამასთან, პროექტით ზუსტდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ თავისი გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება. კერძოდ, კანონში ნათლად ეთითება, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა დაასაბუთოს იმ გარემოების არსებობა, რომელმაც მოსამართლის თანხმობის გარეშე მისი სხვა სასამართლოში მივლინების ან მივლინების ვადის გაგრძელების აუცილებლობა განაპირობა.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, მკაცრდება აკრძალვა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხზე მეტი მოსამართლე წევრის რომელიმე სამთვიან პერიოდში არჩევის თაობაზე; კერძოდ, აღნიშნული სამთვიანი პერიოდი იზრდება ექვს თვემდე. ამასთანავე, დგინდება, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ პარლამენტის ერთსა და იმავე სესიის განმავლობაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხზე მეტი წევრის არჩევა დაუშვებელია.

ცვლილებებით, ზუსტდება ერთ-ერთი დისციპლინური გადაცდომის – მოსამართლის მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით აზრის საჯაროდ გამოთქმის – შინაარსი.