„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს. სანდრო ბრეგაძის განმარტებით, გუშინ თამარ ჩუგოშვილმა „საქართველოს პატრიოტების“ წევრ, ემზარ კვიციანს მიკროფონი მაშინ გამოურთო, როდესაც ის პატრიარქის ქადაგებას კითხულობდა, რითაც, მისივე განცხადებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შეურაცხჰყო.
„რაც ვიხილეთ, იყო შეურაცხმყოფელი ფაქტი და იყო ძალიან ცუდი აქტი, როდესაც შვილის ტოლა ადამიანმა, მამის ტოლა ადამიანს საუბარი არ აცადა. რაც შეეხება შინაარსს, არ ვიცი, როგორ შეიძლება ერის სულიერ მამას უწოდო მოძალადე და დისკრიმინატორი. გამოვდივართ ინიციატივით, თამარ ჩუგოშვილმა ბოდიში მოიხადოს”, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.
შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელის, დავით ნემსაძის თქმით, თუ თამარ ჩუგოშვილი საზოგადოებას არ მოუბოდიშებს, მისი პოლიტიკური ცხოვრება გართულდება.
„ვიცით, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის მონების ჯგუფი. დაატოვებინოს პარლამენტარის მანდატი, ერთი ხელის აქნევა სჭირდება, რომ თავისი მონები მოახსნევინოს. თამარ ჩუგოშვილის პასუხისმგებლობა არის დიდი, მაგრამ უფრო მეტი პასუხისმგებლობა არის ბიძინას ივანიშვილის“, -განაცხადა დავით ნემსაძემ.
დღევანდელ ბრიფინგზე სანდრო ბრეგაძემ ასევე მემარჯვენე ნაციონალისტური იდეოლოგიის სამოქალაქო მოძრაობის შექმნა დაანონსა, რომელშიც „ქართული მარში“, „ფარი“, „მოძრაობა ეროვნულები“ და „არმიის კონტროლის სამოქალაქო ჯგუფი“ გაერთიანდებიან. მისივე განცხადებით, აღნიშნული მოძრაობა 18 ივნისს სექსუალური უმცირესობების დაგეგმილი აქციის წინააღმდეგ კონტრაქციას გამართავს.
„საზოგადოებრივ მოძრაობას ვიწყებთ, რომ 18 ივნისს გეიაღლუმი იყოს ჩაშლილი. მთელ საქართველოს გამოვიყვანთ ქუჩაში, რომ სოდომის ცოდვის ადამიანებმა ვერ მოახდინონ სიბილწის აღნიშვნა. ცენტრალური ქუჩები იქნება ათვისებული, ფიზიკურად მათ ვერ მიეცემათ იმის საშუალება, რომ ჩაატარონ აქცია“, – აღნიშნა სანდრო ბრეგაძემ.
როგორც „ქართული მარშის“ ლიდერმა განაცხადა, გაერთიანება ყველანაირ პოლიტიკურ პროცესში აქტიურად ჩაერთვება, მათ შორის ზუგდიდში მერის არჩევნებში თავის კანდიდატს წარადგენს.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 3 აპრილს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრ ადა მარშანიასა და პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილს შორის ანტიდისკრიმინაციული კანონპროეექტის განხილვას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. სხდომაზე ცვლილებები ემზარ კვიციანმა წარადგინა, რომელიც კანონიდან ტერმინების „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ ამოღებას ითხოვდა. როგორც ადა მარშანიამ განაცხადა, სხდომაზე, როდესაც კვიციანი სიტყვით გამოდიოდა, თამარ ჩუგოშვილმა მიკროფონი გამოურთო და მის საკანონმდებლო ინიციატივას დისკრიმინაციული უწოდა, რასაც გამოეხმაურა: „შთაბეჭდილება მექმნება, რომ თქვენ ფასეულობები გამრუდებული გაქვთ; თქვენ კლასიკური აგენტი ხართ, რომელმაც ჩვენი ქვეყანა დაღუპა“.