ადა მარშანია - თამარ ჩუგოშვილი არის კლასიკური აგენტი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა დაღუპა [ვიდეო]

პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილსა და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრ ადა მარშანიას შორის ანტიდისკრიმინაციული კანონპროეექტის განხილვას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ცვლილებები ემზარ კვიციანმა წარადგინა, რომელიც კანონიდან ტერმინების „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ ამოღებას ითხოვს. ამ ცვლილებებს თამარ ჩუგოშვილმა დისკრიმინაციული უწოდა, რასაც ადა მარშანია გამოეხმაურა.

„სრული შთაბეჭდილება მექმნება, რომ თქვენ გამრუდებული ფასეულობები გაქვთ. თქვენი ფასეულობები ჩვენს ფასეულობებს არ ემთხვევა. იმ ადამიანებისას, ვინც სხვანაირად ვმსჯელობთ. თქვენი აგრესიული რეაქციები კანონპროექტის განხილვისას, ამაზე მეტყველებს. თქვენ იმ ადამიანს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში თავად აყენებთ, რომელიც ამ აქტუალურ და სასიცოცხლო თემაზე მსჯელობს და თავის აზრს აფიქსირებს. შთაბეჭდილება მექმნება, რომ თქვენ ფასეულობები გამრუდებული გაქვთ“,- განაცხადა მარშანიამ.

მარშანიას თქმით, სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტში სხდომის წამყვანი არის თამარ ჩუგოშვილი.

„ეს პარლამენტი საქართველოს პარლამენტს ნაკლებად ემსგავსება. თქვენ კლასიკური აგენტი ხართ, რომელმაც ჩვენი ქვეყანა დაღუპა“, – მიმართა ჩუგოშვილს მარშანიამ.

თავის მხრივ, მარშანიას თამარ ჩუგოშვილიც გამოეხმაურა.

„თქვენთვის პასუხის გაცემას არ ვაპირებ. ამ ტონალობაში საუბარი შეგიძლიათ, მიკროფონებთან გარეთ გააგრძელოთ. ჩემი პასუხი ასეთია. არ ვაპირებ, თქვენთვის პასუხის გაცემას. ქალბატონო ადა, დამშვიდდით, დაწყნარდით, ადგილიდან ყვირილიც არ არის კარგი საქციელი. ვიმეორებ, კანონპროექტს მხარი ადამიანის უფლებათა კომიტეტმა არ დაუჭირა“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

რაც შეეხება ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივის – „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონპროექტის შინაარსს, კვიციანი მიიჩნევს, რომ დღეს მოქმედ კანონში არსებული ტერმინებით – „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ არსებობით ზნეობრივი ნორმები ირღვევა.

კანონმდებლობაში ჩამოთვლილი ტერმინები 2014 წელს აისახა.