სამხრეთ აფრიკის უდაბნოს მღვიმეში ადამიანთა წინაპრების საქმიანობის უძველეს კვალს მიაგნეს — #1tvმეცნიერება
სამხრეთ აფრიკის უდაბნოს მღვიმეში ადამიანთა წინაპრების საქმიანობის უძველეს კვალს მიაგნეს — #1tvმეცნიერება

ვონდერვერკის მღვიმე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ერთ-ერთია დედამიწის იმ რამდენიმე ადგილს შორის, სადაც შესაძლებელია ადამიანთა საქმიანობის კვალის უწყვეტად მიყოლა ათასწლეულებით უკან; ახლახან, მეცნიერებმა ამ მღვიმეში არქაულ ადამიანთა სამოსახლოს კვალს მიაგნეს, 1,8 მილიონი წლის წინანდელს.

ეს მათ ცხოველების ძვლებში არსებული დანალექოვანი შრეების, ნაცეცხლარი ადგილებისა და ოლდუაინის კულტურის ქვის იარაღების ანალიზით შეძლეს; აღნიშნული ობიექტები მარტივი ქანებისგან არის დამზადებული, სიბასრისთვის გახეხილია და წარმოადგენს ერთ დროს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს ხელსაწყოების ტექნოლოგიაში.

მიუხედავად იმისა, რომ სხვა ძეგლებზე აღმოჩენილია 3,3 მილიონი წლის წინანდელი არტეფაქტებიც, ახალი აღმოჩენა მიიჩნევა მღვიმეში პრეისტორიულ ადამიანთა უწყვეტად ცხოვრების უძველეს ნიშნად; თანაც, როგორც ჩანს, ისინი ერთ ფიქსირებულ ადგილას, დახურულ სივრცეში იყენებდნენ ცეცხლსა და იარაღებს.

„ახლა დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი წინაპრები ვონდერვერკის მღვიმეში ოლდუაინის მარტივ იარაღებს 1,8 მილიონი წლის წინ ამზადებდნენ“, — ამბობს იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის გეოლოგი რონ შაარი.

მისივე განცხადებით, ოლდუაინის კულტურის ძეგლებს შორის ვონდერვერკი უნიკალურია, ზუსტად იმიტომ, რომ ის მღვიმეა და არა ღია სივრცე.

მართალია, ღია სივრცის ძეგლებზე ტყის ხანძრებისა და ადამიანთა მიერ გაჩენილი ცეცხლის უძველესი მტკიცებულებები შეიძლება ერთმანეთში შერეული იყოს, მაგრამ ასე არ არის ვონდერვერკის მღვიმეში. გარდა ამისა, აღმოჩენილია ადამიანთა მიერ ცეცხლის გაჩენის სხვა მანიშნებლებიც: მაგალითად, დამწვარი ძვლები და ფერფლი, ისევე როგორც იარაღები.

ახალ კვლევაში შესწავლილი დანალექოვანი ნიმუშები 2,5 მეტრის სისქის იყო და მღვიმეში ჰომინინების დროთა განმავლობაში საქმიანობის სურათს გვიხატავს. ფენები ორი გზით დაათარიღეს, პირველად პალეომაგნეტიზმით, რომელიც მღვიმეში არსებულ თიხის ნაწილაკთა მაგნიტურ სიგნალს ზომავს.

ეს დროში ჩაჭედილი სიგნალები დედამიწის მაგნიტური ველის ისტორიულ მიმართულებას გვიჩვენებს. ვინაიდან მეცნიერებს შეუძლიათ საუკუნეთა განმავლობაში ამ ველის ცვლილებების დიაგრამის შედგენა, შეუძლიათ თიხის ნაწილაკებისა და მათთან ერთად დალექილი ნებისმიერი რამის დათარიღება.

გარდა ამისა, მკვლევრებმა გამოიყენეს ნამარხების დათარიღებაც — კოსმოსური გამოსხივებას გამოქცეული და მიწაში, ამ შემთხვევაში მღვიმის სიღრმეში ჩამარხული ნაწილაკების რადიოაქტიური დაშლის ანალიზი.

„ქვიშაში არსებული კვარცის ნაწილაკები ფლობენ „ჩაშენებულ“ გეოლოგიურ საათს, რომელიც წიკწიკს მღვიმეში შესვლის შემდეგ იწყებს. ჩვენს ლაბორატორიაში გავზომეთ ამ ნაწილაკებში არსებული სპეციფიკური იზოტოპების კონცენტრაცია და განვსაზღვრეთ, რამდენი დრო გავიდა ამ ნაწილაკების მღვიმეში მოხვედრის შემდეგ“, — ამბობს იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის გეოლოგი არი მატმონი.

გარდა იმისა, რომ მკვლევრებმა 1,8 მილიონი წლის წინ ოლდუაინის იარაღების გამოყენების ნიშნებს მიაგნეს, ასევე შენიშნეს გადასვლა უფრო კომპლექსურ ხელის ცულებზე (მილიონი წლის წინ) და ცეცხლის პირველი მიზანმიმართული გამოყენების კვალი (დაახლოებით მილიონი წლის წინ).

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ამაღელვებელი აღმოჩენები მთელ მსოფლიოში გრძელდება, მხოლოდ რამდენიმე ადგილი გვთავაზობს უძველეს ადამიანთა გამოჩენისა და გაქრობის ასეთ უწყვეტ ჩანაწერებს, როგორც ვონდერვერკის მღვიმის დანალექები.

„ვონდერვერკის დანალექების ზუსტი ასაკი გადამწყვეტია ამ რეგიონის ჰომინინების ბიოლოგიური და კულტურული ევოლუციისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მოვლენების დათარიღებისთვის“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.

კვლევა Quaternary Science Reviews-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია phys.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.