სამი წლის წინ საფრანგეთში დაკავებული ქართველი კაპიტნის ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს
სამი წლის წინ საფრანგეთში დაკავებული ქართველი კაპიტნის ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.
საფრანგეთის სასაზღვრო პოლიციამ მოლდოვის დროშით მცურავი გემი „კარიბის პალმა“ 2015 წელს დააკავა. გემზე 2,4 ტონა კოკაინი აღმოაჩინეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ რაოდენობის ნარკოტიკული საშუალების პოვნა უპრეცედენტო მოვლენა იყო საფრანგეთის ისტორიაში.
კაპიტნის შვილის გიორგი ბერიძის განცხადებით, დაკავებული სამი წელია პატიმრობაში იმყოფება და აცხადებს, რომ სასამართლო ხუთჯერ გადაიდო.
„ჯერჯერობით ვერ მტკიცდება, რომ გემში კოკაინის არსებობის შესახებ კაპიტანს ინფორმაცია ჰქონდა, თუმცა პროცესი უსასრულოდ გრძელდება. მამაჩემის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან გართულდა. გვითხრეს, რომ შესაძლებელი იყო თავდებით, სპეციალური სამაჯურით გაეთავისუფლებინათ და ყოფილიყო საფრანგეთში, შიდაპატიმრობაში გამოძიების დასრულებამდე. აღმოვაჩინეთ ასეთი ახლობელიც, მაგრამ სასამართლომ ამაზე ბოლოს უარი გვითხრა. ვთხოვ საგარეო საქმეთა სამინისტროს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, დაგვეხმაროს, მიმართოს საფრანგეთის საელჩოს და ინფორმაცია მაინც მოვიძიოთ, რა მდგომარეობაშია საქართველოს მოქალაქის მდგომარეობა, რატომ იმყოფება საშინელ პირობებში. საქმეს გრიფი ადევს და არაფერს გვეუბნებიან“, – აცხადებს გიორგი ბერიძე.
გიორგი ბერიძე ამბობს, რომ მამამისი არ ფლობდა ინფორმაციას გემში კოკაინის არსებობის შესახებ, იგი გემზე თურქულმა კომპანიამ დაასაქმა და სამუშაო მხოლოდ რამდენიმე დღის დაწყებული ჰქონდა, როცა დააკავეს.
ქართველ კაპიტანთან ერთად დაკავებულია გემის ეკიპაჟის 12 წევრი, რომლებიც თურქეთისა და უკრაინის მოქალაქეები არიან.