ბერიძემ პენალტი მოიპოვა - „ქოჯაელისპორმა“ ბოლო წამებზე მოიგო #1TVSPORT
ბერიძემ პენალტი მოიპოვა - „ქოჯაელისპორმა“ ბოლო წამებზე მოიგო #1TVSPORT

გიორგი ბერიძემ „ქოჯაელისპორში“ ითამაშა და გუნდს ერთ-ერთ ლიდერთან, „გიოზტეპესთან“ ურთულესი და დრამატული შეხვედრა მოაგებინა – 3:2.

თურქეთის 1 ლიგის 28-ე ტურის მატჩი „ქოჯაელისპორმა“ საკუთარ სტადიონზე ჩაატარა, მაგრამ თამაში ცუდად დაიწყო. მეორე ადგილზე მყოფმა „გიოზტეპემ“ პირველი ტაიმი 1:0 მოიგო, ხოლო 71-ე წუთზე მეორე ბურთიც გაიტანა.

„ქოჯაელისპორის“ განაცხადში ბოლო ორი მატჩი მცირე ტრავმის გამო გიორგი ხარაიშვილი ვერ ხვდება, ხოლო დავით სხირტლაძე წითელი ბარათის გამო დისკვალიფიცირებული იყო და გუნდს მომდევნო ტურში დაეხმარება. გიორგი ბერიძე კი ტრავმის შემდეგ ფორმაში შესვლას ცდილობს.

გიორგი მოედანზე 0:2-ზე გამოჩნდა და თამაშში გარდატეხა შეიტანა – 83-ე წუთზე მისი მოპოვებული პენალტით დანიელ კანდეისასმა სხვაობა შეამცირა, 90-ე წუთზე მეორე პენალტით წონასწორობა აღადგინა, 90+9-ე წუთზე მასპინძლებმა მესამე პენალტიც მოიპოვეს და კანდეისასმა ჰეთ-თრიქი შეასრულა.

„ქოჯაელისპორმა“ მოგებით 48 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზეა, მეორეადგილოსან „გიოზტეპესთან“ (56) სხვაობა შეამცირა, ხოლო მესამეადგილოსან „ქორუმს“ დაეწია, მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება და პლეი ოფში მოხვედრის რეალური კანდიდატია.