საფეხბურთო ლეგიონი თურქეთში - „ქოჩაელისპორი“ დამარცხდა, ბერიძე სხირტლაძის ნაცვლად გააძევეს #1TVSPORT
საფეხბურთო ლეგიონი თურქეთში - „ქოჩაელისპორი“ დამარცხდა, ბერიძე სხირტლაძის ნაცვლად გააძევეს #1TVSPORT

თურქეთის პირველ ლიგაში „ქოჩაელისპორმა“ საშინაო შეხვედრა აუტსაიდერთა ჯგუფში მყოფ „ტუზლასპორთან“ გამართა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა – 1:2.

26-ე ტურის მატჩი როგორც „ქოჩაელისპორისთვის“, ასევე ქართველი ლეგიონერებისთვის რთული გამოდგა. 31-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო გიორგი ხარაიშვილმა, რომელიც ხუთ წუთში ტრავმის გამო შეცვალეს.

ქოჩაელისპორის“ ძირითად შემადგენლობაში ხარაიშვილთან ერთად დავით სხირტლაძე იყო, ხოლო გიორგი ბერიძე, რომელიც ტრავმის შემდეგ მომჯობინდა, თავიდან სათადარიგოებში იჯდა და მოედანზე 57-ე წუთზე შეუშვეს.

მატჩს 10 წუთი დაემატა და ამ დროში უცნაური ამბები მოხდა. 90+2 წუთზე ბერიძემ პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო. თუმცა, 97-ე წუთზე, VAR-ზე გადამოწმებისას გადაწყვეტილება შეიცვალა და ბერიძის ბარათი გაუქმდა, სამაგიეროდ, წითელი ბარათი მეორე ქართველმა თავდამსხმელმა, სხირტლაძემ მიიღო.

სეზონის დასრულებამდე რვა ტურით ადრე „ქოჩაელისპორი“ 45 ქულით მესამე პოზიციაზეა და ათი ქულით ჩამორჩება მეორეადგილოსანგიოზტეპეს“, თურქეთის სუპერლიგაში კი პირდაპირი გზით მხოლოდ ორი გუნდი გადადის.