სახალხო დამცველი - შარშან დაფიქსირებული ფემიციდის ცხრა შემთხვევიდან, რვაში მოძალადე უმუშევარი იყო, ხუთი კი, საშუალო განათლებით 
სახალხო დამცველი - შარშან დაფიქსირებული ფემიციდის ცხრა შემთხვევიდან, რვაში მოძალადე უმუშევარი იყო, ხუთი კი, საშუალო განათლებით 

საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებითა და „გაეროს ქალთა ორგანიზაციის“ მხარდაჭერით,  სასტუმროში „თბილისი მარიოტი“ საერთაშორისო კონფერენცია – „ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგი პრევენციისთვის“ მიმდინარეობს.

კონფერენცია ნინო ლომჯარიამ გახსნა. სახალხო დამცველმა მისასალმებელ გამოსვლაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა, რომელიც გასულ წელს დაფიქსირებულ ფემიციდის შემთხვევებს ეხება.

მისი თქმით, აღნიშნული მონაცემების თანახმად, 2017 წელს ფემიციდის ცხრა შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან ხუთი შემთხვევა დაკვალიფიცირდა ოჯახის წევრის მკვლელობად, ერთი – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებად, რამაც გარდაცვალება გამოიწვია, ერთი – ოჯახის წევრის თვითმკვლელობამდე მიყვანა, ერთი – ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობად განსაკუთრებული სისასტიკით, ხოლო ერთი – განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში.

„რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, სასამართლომ მხოლოდ შვიდ საქმეზე გამოყო მოტივი. აქედან სამ საქმეზე მთავარ მოტივად ეჭვიანობის ნიადაგზე შურისძიება დადგინდა, დანარჩენ საქმეებზე კი, მოტივად დასახელებულია შურისძიება, განაწყენების ნიადაგზე ეჭვიანობის მოტივი, ეჭვიანობის ნიადაგი, სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე შურისძიების მოტივი. დანაშაულის ჩადენის ადგილად უმრავლეს შემთხვევაში დაფიქსირდა მსხვერპლისა და მოძალადის ერთობლივი საცხოვრებელი სახლი და საჯარო სივრცე“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისი თქმით, ფემიციდის ცხრა შემთხვევიდან ხუთში დანაშაულის ჩამდენი ქმარია. სამ შემთხვევაში დანაშაულის იარაღი დანაა, დანარჩენ ექვს შემთხვევაში დანაშაულის იარაღად გამოყენებულია სანადირო თოფი, ბენზინის საშუალებით სხეულზე ცეცხლის წაკიდება, ე.წ. ზონარი, ელექტროსადენი და ცემა.

„სასამართლომ ცხრავე საქმე არსებითად განიხილა. ფემიციდისთვის რეალური სასჯელის მინიმალური სახე და ზომა იყო ორი წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მაქსიმალური 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. ცხრა საქმიდან რვა საქმეში მითითებულია, რომ მოძალადე არის უმუშევარი, მხოლოდ ერთ საქმეშია მითითებული, რომ მოძალადე დასაქმებული იყო. ფემიციდის ცხრა საქმიდან ხუთში საქმეში მითითებულია, რომ მოძალადეს აქვს საშუალო განათლება, ერთს აქვს საშუალო ტექნიკური განათლება, ერთი არის განათლების გარეშე, ერთს აქვს ტექნიკური განათლება, ხოლო ერთ საქმეში მითითებულია, რომ მოძალადე არის დასაქმებული“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისივე ინფორმაციით, შესწავლილი ფემიციდის საქმეებიდან ერთ შემთხვევაში, როგორც ბრალდებული, ისე მსხვერპლი, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები იყვნენ.

ამასთან, 2017 წელს ფემიციდის მცდელობის 8 შემთხვევა დაფიქსირდა.