ნიკოლოზ სამხარაძე - პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით როცა მიდის, დელეგაციაში გაუგებარი სტატუსის მქონე ადამიანები არ უნდა ჰყავდეს, იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას აღარ დაარღვევს
ნიკოლოზ სამხარაძე - პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით როცა მიდის, დელეგაციაში გაუგებარი სტატუსის მქონე ადამიანები არ უნდა ჰყავდეს, იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას აღარ დაარღვევს

პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით როცა მიდის, მას დელეგაციაში გაუგებარი სტატუსის მქონე ადამიანები არ უნდა ჰყავდეს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძეს კითხვა დაუსვეს ერთ-ერთი მედიის ეთერში ნინო ლომჯარიას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივ ვიზიტებს, თანამშრომლობის ამ ფორმას არ გამორიცხავს.

ნიკოლოზ სამხარაძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი ვიზიტებისას კონსტიტუციას აღარ დაარღვევს.

„ალბათ სალომე ზურაბიშვილისთვის კატასტროფაა, თუ ის ნინო ლომჯარიასთან ერთად ერთობლივ ვიზიტებს გეგმავს. გაუგებარია, რა სტატუსი აქვს ნინო ლომჯარიას და რა სტატუსით უნდა იყოს პრეზიდენტის დელეგაციაში. ეს ყველაფერი ცოტა ფანტასტიკის სფეროდან ჟღერს და სრულიად გაუგებარია. დიდი იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილი ამ დონემდე მაინც არ დაეცემა და გაუგებარი სტატუსის მქონე ადამიანთან ერთად ვიზიტში არ წავა. კატასტროფაა, რადგან პრეზიდენტის ვიზიტებს გარკვეული პროტოკოლი და ჩარჩო აქვს. შესაბამისად, როცა მაღალი დონის ოფიციალური ვიზიტია, მასში განსაზღვრულია თითოეული მონაწილის სტატუსი. პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით როცა მიდის, მას დელეგაციაში გაუგებარი სტატუსის მქონე ადამიანები არ უნდა ჰყავდეს. იმედი მაქვს, პრეზიდენტი ვიზიტებისას კონსტიტუციას აღარ დაარღვევს, თუმცა თუ ისევ მთავრობის ნებართვის გარეშე წავა, ეს კიდევ მეორე პრობლემა იქნება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.