სახალხო დამცველი მოითხოვს, პარლამენტის დადგენილებაში მ.კ.-ს მიმართ მკვლელობაში მონაწილეობისთვის სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების რეკომენდაციაც შევიდეს
სახალხო დამცველი მოითხოვს, პარლამენტის დადგენილებაში მ.კ.-ს მიმართ მკვლელობაში მონაწილეობისთვის სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების რეკომენდაციაც შევიდეს

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს პარლამენტს და მოითხოვს, ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნასა და რეკომენდაციებთან დაკავშირებით მიღებულ პარლამენტის დადგენილებაში, სხვა საკითხებთან ერთად, დროებითი საგამოძიებო კომისიის შემუშავებული ის რეკომენდაციები შევიდეს, რომლებიც შეეხება გამოძიების დაწყებას სამოხელეო დანაშაულსა და იმ პირების მიმართ, რომლებმაც არამართლზომიერი გავლენა მოახდინეს გამოძიებაზე და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას მ.კ.-ს მიმართ მკვლელობაში მონაწილეობისთვის.

სახალხო დამცველის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივლისში სახალხო დამცველმა საქართველოს მთავარ პროკურორს შესაძლო სამოხელეო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა, რამდენადაც მიიჩნია, რომ კომისიის სხდომებზე გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების გამოკითხვებით დადასტურდა, რომ ჩაუტარებელი ან/და დაგვიანებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არ ემსახურებოდა კონკრეტულ საგამოძიებო ტაქტიკას.

ამასთან, კომისიის მუშაობის დადგენილმა ფაქტობრივმა გარემოებებმა თავისი მუშაობის პერიოდში გამოავლინა საგამოძიებო ორგანოების შესაბამისი თანამშრომლების და მკვლელობის გამოძიებაში საპროცესო მონაწილეთა ახლო ნათესავებს შორის კომუნიკაცია.

კომისიამ მუშაობის პროცესში მოიპოვა დამატებითი მტკიცებულებები, რომლებიც საქმეში მანამდე არსებულ მტკიცებულებებთან ერთად, მკვლელობაში მ.კ.–ს მონაწილეობის ვარაუდს ქმნის. აღსანიშნავია, რომ ეს კონკრეტული ფაქტები მკვლელობაში მ.კ.–ს მონაწილეობაზე, საგამოძიებო ორგანოების მიერ მკვლელობის მიმდინარე გამოძიების პროცესში შესწავლისა და შეფასების მიღმა დარჩა“, – აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.

შესაბამისად, სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, საქართველოს პარლამენტმა საგამოძიებო ორგანოებს კომისიის მიერ გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის ვალდებულება დაუდგინოს.