საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ყოფილ სასტუმრო „ლეოგრანდში“ არსებული ვითარება საგანგაშოა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მიმართავს სასამართლოს, რომ სასტუმრო და სამორინე „ველმონდის“, ყოფილი „ლეოგრანდის“ შენობას შეუჩერდეს ექსპლუატაცია, რათა დაცული იყოს მოქალაქეთა უსაფრთხოება, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მიშა ფეიქრიშვილმა განაცხადა.
როგორც მიშა ფეიქრიშვილმა აღნიშნა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გასცა 43 რეკომენდაცია, მათ შორის ხანძრის ამომცნობი სისტემის დამონტაჟება, რომლებიც სასტუმროს მფლობელებმა არ შეასრულა.
„საზოგადოებას რამდენიმე თვის წინ შევპირდით, რომ გამოვაქვეყნებდით ყველა იმ ობიექტის სიას, სადაც არ არის ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები დაცული. შესაბამისად, სარჩელი, რომელიც ჩვენმა სამსახურმა შეიტანა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, არის ამ განცხადების ერთ-ერთი გამოხმაურება და არის ერთ-ერთი უკიდურესი ზომა, რომელიც ამ შემთხვევაში გამოვიყენეთ სასტუმროს წინააღმდეგ. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სამსახურის ზედამხედველობის სამმართველომ, სამგზის შეამოწმა აღნიშნული შენობები, სამჯერ დაწერა დასკვნა, სამჯერ გაიცა 43 რეკომენდაცია. ამ დროს სასტუმროს ადმინისტრაციას არ აქვს აღნიშნული რეკომენდაციები შესრულებული. მათ გონივრული ვადაც ვერ წარმოუდგინეს ჩვენს სამსახურს, თუ როდის აპირებენ პრობლემების მოგვარებას. გადავწყვიტეთ, მივმართოთ სასამართლოს, ეს არის ის პრევენციული ზომა, რომელიც მივიღეთ, რადგან ხვალ და ზედ არ დადგეს ტრაგიკული და ფატალური შედეგები”, – განაცხადა მიშა ფეიქრიშვილმა.
მისივე თქმით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტები აცხადებენ, რომ სასტუმროსა და სამორინეში არსებული ვითარება იმდენად საგანგაშოა, რომ სასტუმროში პატარა ხანძრის შემთხვევაშიც კი შესაძლოა, უდიდესი რისკის წინაშე დადგნენ შენობაში მყოფი ადამიანები.
„აქედან გამომდინარე, სასამართლომ უნდა იმსჯელოს, რამდენად რელევანტურია ამ სასტუმროსა და სამორინეს შენობის ექსპლუატაცია. აღვნიშნავ, რომ ჩვენი სამსახური თავიდანვე წინააღმდეგი იყო, რომ ეს სასტუმრო შესულიყო ექსპლუატაციაში”, – განაცხადა მიშა ფეიქრიშვილმა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სასტუმრო და სამორინე „ველმონდის“, ყოფილი „ლეოგრანდის“ შენობის ექსპლუატაციის შეჩერება მოითხოვა.
სასტუმრო „ლეოგრანდში“ გასულ წელს ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა.