რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვმა შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადისლავ სურკოვმა, რომელიც ადმინისტრაციაში ოკუპირებულ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან, ასევე უკრაინასთან ურთიერთობებზეა პასუხისმგებელი, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს. ინფორმაციას ამის შესხებ რუსული მედიაჰოლდინგი РБК კრემლთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, სურკოვი თანამდებობას რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაგეგმილი საკადრო ცვლილებების ფარგლებში დატოვებს.
მედიასაშუალების წყაროს ინფორმაციით, სურკოვის გადადგომის მრავალი მიზეზი განიხილება, მათ შორის ის, რომ უკრაინასთან დაკავშირებით სტრატეგია ჩიხში შევიდა, მინსკის შეთანხმებები არ სრულდება, უახლოეს პერსპექტივაში კი რამე პროგრესი მოსალოდნელი არ არის.
„ჩვენს ცხოვრებაში „დონეცკის სახალხო რესპუბლიკასთან და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკასთან დაკავშირებული პრობლემები ვერ გადაწყდება, ეს მომავალი თაობები საკითხია“, – ამბობს РБК-ს ერთ-ერთი წყარო.
მეორე კი აღნიშნავს, რომ საქმე სურკოვს არ ეხება, ვინც არ უნდა უხელმძღვანელოს ამ მიმართულებას, შედეგები დაახლოებით ერთნაირი იქნება.
РБК-ს ცნობით, სურკოვის თანამდებობიდან წასვლის კიდევ ერთი სავარაუდო მიზეზი სხვა უწყებებთან კონფლიქტია. სააგენტოს წყაროს ცნობით, პრეზიდენტის თანაშემწე „სხვის საქმეებში ერეოდა“, კერძოდ, სურკოვს ძალოვან უწყებებთან ჰქონდა კონფლიქტი.
ვლადისლავ სურკოვი, რომელსაც მედიაში კრელის „რუხ კარდინალადაც“ მოიხსენიებენ, 12 წლის განმავლობაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, რა დროსაც ის შიდა პოლიტიკას კურირებდა.
2011 წლის დეკემბერში ვლადისლავ სურკოვი მთავრობის ვიცე-პრემიერად დანიშნეს.
2013 წლის მაისში სურკოვმა თანამდებობა დატოვა, ოთხი თვის შემდეგ კი ის ოკუპირებულ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწედ დაინიშნა.