ვლადიმერ პუტინმა ვლადისლავ სურკოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა
ვლადიმერ პუტინმა ვლადისლავ სურკოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.

რუსეთის პრეზიდენტის განკარგულება ძალაში ხელმოწერისთანავე შევიდა.

მანამდე, რუსულ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ვლადისლავ სურკოვმა თანამდებობა უკრაინის მიმართულებაში კურსის შეცვლის გამო დატოვა. ამ ინფორმაციას რუსული მედია პოლიტოლოგ ალექსეი ჩესნაკოვის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებდა, თუმცა მაშინ ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა კურსის შეცვლასთან დაკავშირებულ ინფორმაციას პოლიტოლოგის პირადი მოსაზრება უწოდა.

ვლადისლავ სურკოვი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწის თანამდებობას 2013 წლის 20 სექტემბრიდან იკავებდა. მის კომპეტენციაში შედიოდა უკრაინაში ვითარების დარეგულირებასთან დაკავშირებული საკითხები.