ოპოზიციონერ ილია პონომარიოვის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინის ყოფილი თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი შინაპატიმრობაშია
ოპოზიციონერ ილია პონომარიოვის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინის ყოფილი თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი შინაპატიმრობაშია

რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატი, ოპოზიციონერი ილია პონომარიოვი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, რომ მისი წყაროების ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ყოფილი თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი შინაპატიმრობაში იმყოფება.

როგორც პონომარიოვი წერს, ახლა ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები 2014 წლიდან დონბასში თანხების გაფლანგვის საქმეზე.

პონომარიოვის ინფორმაციით, იმის მიუხედავად, რომ პუტინმა სურკოვი თანაშემწის თანამდებობიდან ოფიციალურად ჯერ კიდევ 2020 წლის თებერვალში გაათავისუფლა, სურკოვი ისე, როგორც არავინ სხვა, იცნობს რეალურ სიტუაციას სეპარატისტულ ფსევდორესპუბლიკებში და იქ ფართო კავშირები აქვს. ამასთან, ის დაახლოებულია „დონბასის რუს ვეტერანებთან“.

ამას გარდა, რუსი ოპოზიციონერი აღნიშნავს, რომ სურკოვს ყოველთვის ახლო ურთიერთობა ჰქონდა ჩეჩნეთის ლიდერთან.

„აშკარაა, რომ ბევრ რამეს აკადემიკოსი თავად არ იგონებს, არამედ მისდევს ვლადისლავ იურევიჩის მითითებებს… ველოდებით სურკოვის დაკავების შესახებ ინფორმაციის დადასტურებას ან უარყოფას“, – წერს პონომარიოვი.

ვლადისლავ სურკოვის დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. სურკოვი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დსთ-ის, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების საკითხებს კურირებდა.