ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა
ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა. კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განკარგულებების თანახმად, თანამდებობებს ტოვებენ ბუნებრივი რესურსებისა და ეკოლოგიის მინისტრი დიმიტრი კობილკინი, მშენებლობის მინისტრი ვლადმირ იაკუშევი, ტრანსპორტის მინისტრი ევგენი დიტრიხი.

ამასთან, ვლადიმერ პუტინმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ურალის ფედერალურ ოლქში მუდმივი წარმომადგენელი ნიკოლაი ცუკანოვი.

რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, ცხრიდან ათამდე გაიზარდა პრემიერ-მინისტრის მოადგილეთა რაოდენობა. პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა დუმას ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრ ნოვაკის კანდიდატურა წარუდგინა, მის ნაცვლად ენერგეტიკის მინისტრად კი „რუსჰიდროს“ ხელმძღვანელის, ნიკოლაი შულგინოვის დანიშვნა შესთავაზა. აღსანიშნავია, რომ ნოვაკი ენერგეტიკის უწყებას 2012 წლიდან უდგას სათავეში.

ამას გარდა, მიშუსტინმა სახელმწიფო დუმას ტრანსპორტის მინისტრის პოსტზე „აეროფლოტის“ გენერალური დირექტორი ვიტალი საველიევი წარუდგინა, ხოლო ბუნებრივი რესურსებისა და ეკოლოგიის მინისტრის პოსტზე – შორეული აღმოსავლეთის განვითარების მინისტრი ალექსანდრ კოზლოვი.