რუსუდან მანჯგალაძე - ჩვენს ხელშია ეს ქვეყანა, უნდა მოვახერხოთ ერთმანეთის გაგება, ერთმანეთისკენ სავალი გზების მონახვა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი ფუნქციაც ესაა

ყველაზე მაგარი სამშობლო ჩვენ გვაქვს, ჩვენ ხელშია ეს ქვეყანა, უბრალოდ, უნდა მოვახერხოთ ერთმანეთის გაგება და ერთმანეთისკენ სავალი გზების მონახვა, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის მედია დირექტორმა რუსუდან მანჯგალაძემ განაცხადა.

მან საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ საუბარი დაიწყო გარდაცვლილ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას ოჯახისთვის, მისი კოლეგებისთვის მისამძიმრებით.

რუსუდან მანჯგალაძის თქმით, წლების განმავლობაში ნანახი აქვთ მედიაზე ძალადობის ფაქტები, თუმცა არ ახსოვს დასჯილი ადამიანები, რამაც ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი გააჩინა.

„მინდა, დავიწყო მისამძიმრებით. ძალიან მძიმე დღეა დღეს. მინდა, უპირველესად მივუსამძიმრო ლექსოს დედას, შემდგომ მის კოლეგებს „ტვ პირველიდან“ და სრულიად საქართველოს. ყველას ძალიან გვტკივა.

ვიდრე მკურნალობას დაიწყებს ექიმი, მანამდე დიაგნოზი უნდა იცოდეს და ვფიქრობ, დასასმელია დიაგნოზი, რა გვჭირს, საიდან ამდენი სიძულვილი, რატომ გვძულს ასე ერთმანეთი. რა მნიშვნელობა აქვს, რომელი მთავრობა იქნება, ეს მოვა, სხვა წავა, უკეთესი, უარესი, ეს ძალადობა ხომ ნანახი გვაქვს, მედიაზე ძალადობაც ნანახი გვაქვს, ბევრი წელია, ამ სფეროში ვმუშაობთ. მაგალითად 2009 წელი იყო, როდესაც პირველი სტუდიის წინ ჩაფხუტიანი, შეიარაღებული, 50-50 კაციანი ჯარი „გვიცავდა“ და თუ რამე ეთერში არ მოსწონდათ, აბრახუნებდნენ ფარებზე ამ ჯოხებს. „იმედში“ ვმუშაობდი, როდესაც 7 ნოემბერი მოხდა, ესეც მედიაზე ძალადობა იყო და დაკითხვებზე ვიარეთ დიდხანს, მაგრამ რაღაც არ მახსოვს დასჯილი. ამიტომ, ამდენი ხნის განმავლობაში გროვდება პასუხისმგებლობა და დაუსჯელობის სინდრომი, რომელიც არსებობს.

რა თქმა უნდა, საუბარი არ არის იმაზე, რომ 5 ივლისი სამწუხაროდ იყო ძალადობის დღე, მაგრამ მე მაინტერესებს ჩვენი თანამშრომლის, ილია თვალიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვინ არის ქვეყანაში პასუხისმგებელი, ვინ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ეს ბიჭი დღესაც თვალს ვერ ახელს და ჩვენ არ ვიცით, შეძლებს თუ არა მუშაობას, რა მდგომარეობა იქნება, ვინ არის პასუხისმგებელი?

ვიდრე პასუხისმგებლობის საკითხი არ დაისმევა და დასასჯელები არ დაისჯებიან, არ დაისჯებიან არა მხოლოდ შემსრულებლები, არ დაისჯებიან შემკვეთები და ისინი, ვინც ამის უკან დგანან, და ყველას გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს არ იყო შემთხვევით. რვა ადამიანი, არ ვიცი, რამდენია დაჭერილი, დაერია და 52 ადამიანი სცემა, თუ დააზარალა, ეს ხომ შეუძლებელია? თუ იმაზე მეტი პოლიციელი არ გვყავს, მაშინ ძალიან ცუდად ყოფილა ჩვენი საქმე, თუმცა მეორე დღეს საკმარისი ძალა იყო გამოყვანილი და უზრუნველყვეს, რომ გაცილებით აგრესიული და გაცილებით დიდი ჯგუფების ერთმანეთთან შეტაკება მშვიდობიანად დასრულდა. რატომ არ მოხდა ეს იმ დღეს? პასუხისმგებლობა ეკისრება არა მხოლოდ სახელმწიფოს. აუცილებლად დგას ეკლესიის, საპატრიარქოს პასუხისმგებლობა. გუშინ მქონდა კიდეც საუბარი საპატრიარქოს გარკვეულ წარმომადგენელთან და მათაც ვუთხარი ჩემი აზრი – ვიდრე თვითონვე არ ამხელენ და არ დასჯიან იმ არა მხოლოდ მამაოებს, რომლებიც იქიდან მოგვიწოდებენ, მღვდელმთავრებს, რომლებიც პირდაპირ აგრესიულად იქცევიან და აგრესიისკენ მოწოდებაა ეს ყველაფერი, მანამდე ყველაფერი ერთ ქვაბში მოიხარშება. რა თქმა უნდა, ეს არ არის მთლიანად ჩვენი სამღვდელოება, ამას არანაირი კავშირი არ აქვს არც ქრისტესთან, არც მართლმადიდებლობასთან და არც პატრიარქთან. ვიცით, რომ ჩვენი პატრიარქი არ ასრულებს იმ ფუნქციას, რადგან ყოველთვის იყო კაცთმოყვარე, ყოველთვის იდგა ხალხის გვერდით და ამ შემთხვევაში, თუნდაც 9 აპრილი შეგვიძლია, გავიხსენოთ.

ასევე, პასუხისმგებლობაა ჩვენი განათლების სისტემის, რადგან რომ ვამბობთ და სტატუსებად ვწერთ, რომ სიბნელე კლავს, საიდან ეს სიბნელე? განათლების სისტემის ძალიან დიდი პრობლემების შედეგია ის შედეგი, რასაც ახლა ვიღებთ. სულ მახსენდება რეზო თაბუკაშვილის სიტყვები, რომლებიც ამბობს, რომ პროფესიონალიზმი არის პატრიოტიზმი და ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ ისე, როგორც გვჯერა, რომ ეს არის წორი და წაადგება არა ერთმანეთის დაყოფას, არა სიძულვილს, არამედ გაერთიანებას.

ეს ქვეყანა, საქართველო გვაქვს ერთი და ძალიან ცუდად მხვდება, დაკეტეთ ეს ქვეყანა, რესტარტი მიეცით, დასახურები ვართ, არა, ყველაზე მაგარი ქვეყანა და ყველაზე მაგარი სამშობლო ჩვენ გვაქვს, ჩვენს ხელშია ეს სამშობლო, ეს ქვეყანა, უბრალოდ, ჩვენ უნდა მოვახერხოთ ერთმანეთის გაგება და ერთმანეთისკენ სავალი გზების მონახვა, რადგან ამ ჯგუფსა და იმ ჯგუფსაც ამ ქვეყანაში მოგვიწევს ცხოვრება რომელი მთავრობაც უნდა მოვიდეს“, – განაცხადა რუსუდან მანჯგალაძემ. 

მისივე განმარტებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქცია დღეს სწორედ ის არის, რომ მოუსმინონ ყველანაირ განსხვავებულ აზრს, რათა შეხების წერტილები მოიძებნოს.

„თუ დღეს ვსაუბრობთ საზოგადობრივი მაუწყებლის ფუნქციაზე, ჩვენი ერთ-ერთი ფუნქცია ესაა, თუმცა მარტო ჩვენ ამას ვერ შევძლებთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ. ყველა ჯგუფის ადამიანს ვუთმობთ ეთერს, იმიტომ კი არა, რომ ისტერიულად წავკიდოთ და პროვოკაციული კითხვები დავუსვათ, რადგან თუ ერთმანეთს დაარტყეს, კიდევ უფრო მაღალი რეიტინგი გვექნება, წყალი თუ შეასხეს, კიდევ უკეთესი – არა, იმიტომ, რომ მოვუსმინოთ, მოვუსმინოთ ყველანაირ განსხვავებულ აზრს, რომ შემდეგ შეხების წერტილები მოვნახოთ“, – განაცხადა რუსუდან მანჯგალაძემ.

რუსუდან მანჯგალაძე ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის კარი საზოგადოების ნებისმიერი წარმომადგენლისთვის ღიაა.

„ნამდვილად არის ჩვენ მიმართ პრეტენზია, რადგან იმდენად პოლარიზებულია საზოგადოება, რომ მათ აქვთ თუნდაც თავისი რჩეული სატელევიზიო არხები. ერთი უყურებს ერთ არხს, იღებს იმ ინფორმაციას, რომლის მიღებაც მას სურს, იღებს მხოლოდ იმ ინფორმაციას და ძალიან კმაყოფილია ამით. მეორე საზოგადოება, მეორე პოლუსი, ასე ვთქვათ უყურებს სხვა მედიასივრცეს და იღებს იმ ინფორმაციას, რომელიც მას სურს, მიიღოს. საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველასთვისაა. ჩვენ ვერასდროს ვიქნებით რომელიღაც მხარე, არასდროს არ გავაკეთებთ ხელოვნურად შექმნილ კონფლიქტს და ერთმანეთს არ დავუსვამთ ისეთ ადამიანებს, რომ როცა გადაცემა დამთავრდება, მხოლოდ მათი კონფლიქტი დაგვამახსოვრდება. ხშირად ვხედავთ, სტუმრები მიდიან, მაგრამ ვერ ახერხებენ საუბარს, თავისი სათქმელის საშუალებაც არ ეძლევათ. შეიძლება, პრეტენზიები იყოს, მაგრამ რეალურად, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ყველასთვის, ჩვენი მოვალეობაც, ფუნქციაც ეს არის, ჩვენი კარი ღიაა საზოგადოების ნებისმიერი წარმომადგენლისთვის“, – აღნიშნა რუსუდან მანჯგალაძემ.