რუსუდან მანჯგალაძე - საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ ასეთი შოუს ჩატარებას, კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ჩვენთვის რთული და შეუძლებელი არაფერია
რუსუდან მანჯგალაძე - საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ ასეთი შოუს ჩატარებას, კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ჩვენთვის რთული და შეუძლებელი არაფერია

საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ ასეთი შოუს ჩატარებას. კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ჩვენთვის რთული და შეუძლებელი არაფერია, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიის დირექტორმა, რუსუდან მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ ჩატარებული კონკურსით თამასა ძალიან მაღლა აწია.

„ვინც ამ შოუს უყურა, კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ძალიან მაგარი ადამიანები მუშაობენ, ძალიან ნიჭიერები და მონდომებულები. ვულოცავ ყველას, არამხოლოდ ჩვენს გუნდს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ასეთი შოუს ჩატარებას. გარშემო ბევრი ადამიანი იყო, არამხოლოდ ქართველები და ამბობდნენ, არ გვჯერა, რომ ეს ყველაფერი საქართველოში ხდებაო. ჩვენც დაგვჭირდება დრო, ეს ყველაფერი რომ დავიჯეროთ. ეს ჯადოქრობა მოხდა თბილისში, საქართველოში. არაფერი არ კეთდება გულის ჩადების გარეშე. გულს და სიყვარულს რაშიც ჩავდებთ, ყველაფერი გამოგვივა. ჩვენ თამასა ისე მაღლა ავწიეთ, მოინდომოს საფრანგეთმა და მომავალ წელს ჩვენზე უკეთესი ევროვიზია ჩაატაროს, ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდება. ანიტას ცრემლები მალე შეუშრება, ძალიან განვიცდით, რომ ის განიცდის. მესმის მისი, ის არის სულით ლიდერი, ძალიან ნიჭიერი ადამიანი, მაგრამ მესამე ადგილას გავედით ურთულეს კონკურენციაში. ჩვენ გავიმარჯვეთ ჩვენი არაჩვეულებრივი მომღერლებით და მოცეკვავეების გუნდით. გაიმარჯვა ქვეყანამ და კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ჩვენთვის რთული და შეუძლებელი არაფერია. მადლობა ყველას ყველაფრისთვის“, – განაცხადა რუსუდან მანჯგალაძემ.