რუსი გენერალი - რუსეთმა შესაძლოა, სირიისა და სხვა ქვეყნებისთვის С-300 ტიპის სარაკეტო სისტემების მიწოდების საკითხი განიხილოს
რუსი გენერალი - რუსეთმა შესაძლოა, სირიისა და სხვა ქვეყნებისთვის С-300 ტიპის სარაკეტო სისტემების მიწოდების საკითხი განიხილოს

რუსეთმა შესაძლოა, სირიისა და სხვა ქვეყნებისთვის С-300 ტიპის სარაკეტო სისტემების მიწოდების საკითხი განიხილოს, – ამის შესახებ გენერალმა სერგეი რუდსკოიმ სირიაზე აშშ-სა და მისი მოკავშირეების მიერ განხორციელებული კოორდინირებული სარაკეტო დარტყმასთან დაკავშირებით განაცხადა. რუსეთის თავდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი სამი დასავლური სახელმწიფოს – აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის მიერ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ განხორციელებული ერთობლივი ავიაიერიშია.

„რამდენიმე წლის წინ დასავლეთის ქვეყნებმა, ასევე თურქეთმა გვთხოვეს, რომ სირიისთვის ეს-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი არ გადაგვეცა. ჩვენ ეს თხოვნა მაშინ გავითვალისწინეთ. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, სირიის მთავრობას თავდაცვის მიზნით ზემოთ ხსენებული სისტემა გადავცეთ“, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოპერატიული ჯგუფის მეთაურმა სერგეი რუდსკოიმ.

14 აპრილს, ადგილობრივი დროით, 04:00-ზე სირიის ორი ქალაქის მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ხომალდიდან ტომაჰავკის ტიპის 57 რაკეტა გაისროლეს. დანიშნულების ადგილამდე 80%-მა მიაღწია, დანარჩენი რამდენიმე რაკეტა სირიის ავიაციამ გაანადგურა. ეს ფაქტი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა.

დიდმა ბრიტანეთმა წერტილოვანი დარტყმა რეაქტიული თვითმფრინავი „ტორნადოთი“ განახორციელა, რომელიც კვიპროსზე მდებარე სამეფო საჰაერო ბაზიდან აფრინდა. სამიზნე ჰომსში მდებარე ქიმიური იარაღის ორი საცავი და დამასკოს საკვლევი ლაბორატორიაა, სადაც სირიის მთავრობა ქიმიურ იარაღს აწარმოებდა.

რუსეთის თავდაცვის უწყებაში ასევე განაცხადეს, რომ დამასკოს საკვლევი ცენტრი მიტოვებული ნაგებობაა და იერიშით არაფერი შეცვლილა.

განსხვავებულ ფაქტებზე საუბრობენ პენტაგონში. კოორდინირებული ავიაიერიშის შემდეგ, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ ქიმიური იარაღს სირიის მთავრობა სწორედ დამასკოში მდებარე საკვლევ ლაბორატორიაში აწარმოებდა. მიზანში ამოღებული სამივე ობიექტის ინფრასტრუქტურა სრულად განადგურებულია.

გაერო-ს ინფორმაციით, სირიის სამოქალაქო ომში ქიმიური იარაღის 70-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან რვა ზარინით. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აკრძალულ ნივთიერება ზარინზე წვდომა მხოლოდ სირიის მთავრობას აქვს.