როგორ მოხდა „დიდი გაყოფა“ მზის სისტემაში — დიდი ხნის კითხვას პასუხი სავარაუდოდ გაეცა
როგორ მოხდა „დიდი გაყოფა“ მზის სისტემაში — დიდი ხნის კითხვას პასუხი სავარაუდოდ გაეცა

ასტრონომთა აზრით, წარმოქმნიდან მალევე, მზის სისტემაში ე. წ. დიდი გაყოფა დაიწყო — პლანეტების დაყოფა ორ ერთმანეთისგან განსხვავებულ ჯგუფად. ამ კოსმოსურ განხეთქილებას ჩვენ რა თქმა უნდა, არ მოვსწრებივართ, მაგრამ ახალი კვლევის ფარგლებში გაჩნდა ერთი დამაინტრიგებელი ჰიპოთეზა იმის შესახებ, როგორ შეიძლება მომხდარიყო ეს პროცესი.

მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, დიდი გაყოფის შედეგად, ჩვენს მზის სისტემაში დარჩა მზესთან ახლოს მდებარე პატარა კლდოვანი პლანეტები (მათ შორის დედამიწა და მარსი) და მოშორებით დიდი გაზის გიგანტები (მათ შორის იუპიტერი და სატურნი).

პლანეტების ეს ორი ჯგუფი ერთმანეთისგან განსხვავდება არა მხოლოდ ზომით, არამედ შემადგენლობითაც. კლდოვანი პლანეტები ძირითადად ქანებისაგან შედგება და ნაკლებად შეიცავს ნახშირბადის ორგანულ ნაერთებს, დიდი პლანეტები კი ძირითადად გაზისგან შედგება და მდიდარია ორგანული ნივთიერებებით.

ტოკიოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის პლანეტური მეცნიერის, რამონ ბრასერის თქმით, ჩნდება კითხვა, როგორ მოხდა შემადგენლობის მხრივ ორ ასეთ ჯგუფად გაყოფა? როგორ მოხდა, რომ მზის სისტემის შიდა და გარე ნაწილში, სისტემის ასე ადრეულ ეტაპზე, ეს ნივთიერებები ერთმანეთს არ შეერია?

ამ დრომდე, მთავარ დამნაშავედ მიიჩნეოდა იუპიტერის გრავიტაციული ეფექტები. ამ მოსაზრების მიხედვით, მასიური პლანეტის გრავიტაციული მიზიდულობა საკმარისი იყო იმისათვის, რათა წარმოექმნა ერთგვარი უხილავი ბარიერი შიდა და გარე პლანეტებს შორის.

თუმცა, ბრასერი და მისი კოლეგები ფიქრობენ, რომ შესაძლოა, ასე სულაც არ იყო. მათი გამოთვლები მიუთითებს ადრეული მზის გარშემო წარმოქმნილ რგოლის მსგავს სტრუქტურაზე, რამაც შექმნა დისკო, რომელიც ფიზიკური ბარიერის როლს ასრულებდა ამ ორი ტიპის პლანეტების წარმომქმნელ მასალებს შორის.

კოლორადოს უნივერსიტეტის გეოლოგ სტივენ მოიზსისის განცხადებით, ამ შემადგენლობითი განსხვავების ყველაზე სავარაუდო ახსნა ის არის, რომ იგი განაპირობა გაზისა და მტვრის შიდა სტრუქტურამ.

მკვლევართა მიერ ჩატარებულმა კომპიუტერულმა სიმულაციებმა აჩვენა, რომ ადრეულ მზის სისტემაში იუპიტერი საკმარისად დიდი არ იყო იმისათვის, რათა დაებლოკა კლდოვანი მასალების დინება მზის მიმართულებით. თუკი ამ გაყოფის მიზეზი იუპიტერი არ არის, ჯგუფმა ალტერნატიული ახსნის მოძებნა სცადა.

ეს კი მათ ატაკამის უდაბნოში განთავსებულ უმძლავრეს ტელესკოპ ALMA-ს მონაცემებში იპოვეს, რომლებიც ახლად დაბადებულ ვარსკვლავთა გარშემო მტვრისა და გაზის დისკოებს აჩვენებს. თუკი ასეთი რგოლი ჩვენი დედავარსკვლავის გარშემოც იყო წარმოქმნილი, შესაძლოა, მან გაზი და მტვერი მაღალი და დაბალი წნევების მქონე სხვადასხვა ჯიბეებში გადაანაწილა.

მკვლევრები მას „წნევის ბარიერს“ ადარებენ, რომელმაც ადრეულ მზის სისტემაში მატერია ორ სხვადასხვა „ავზში“ გადაანაწილა. არ არის გამორიცხული ისიც, რომ პლანეტების ორ ტიპად დაყოფა რამდენიმე ასეთმა რგოლმაც განაპირობა.

იმის ცოდნა, თუ როგორ მოხდა მატერიის დახარისხება ადრეულ მზის სისტემაში, ასევე უმნიშვნელოვანესია იმისათვის, რათა გავიგოთ, როგორ აღმოცენდა სიცოცხლე დედამიწაზე.

სხვა კლდოვანი პლანეტებისგან განსხვავებით, ჩვენი დედამიწა უფრო მეტად შეიცავს ორგანულ ნივთიერებებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს გამყოფი დისკოები მთლად გადაუკვეთადიც არ იყო, ანუ, ნახშირბადით მდიდარმა მასალებმა ეს დისკო მაინც გადალახა და მოხვდა დედამიწაზე, რამაც საბოლოოდ, სიცოცხლის აღმოცენება გამოიწვია.

ეს კვლევა კიდევ ერთი მაგალითია იმისა, როგორ შეუძლია ვარსკვლავური სისტემების შესწავლას მთელი კოსმოსის მასშტაბით, გაცილებით ბევრი რამ გვითხრას ჩვენი მზის სისტემის წარმოშობის შესახებ და ამავე დროს, გარკვეული მინიშნებები მოგვცეს სიცოცხლის შესახებ მზის სამეზობლოში.

კვლევა ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია colorado.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.