როგორ „ძალადობდნენ“ იუპიტერი და სატურნი სხვა პლანეტებზე - ახალი კვლევა
როგორ „ძალადობდნენ“ იუპიტერი და სატურნი სხვა პლანეტებზე - ახალი კვლევა

იუპიტერის ორბიტის სიახლოვეს, მზის გარშემო მოძრაობს ორმაგი ასტეროიდი, სახელად პატროკლე-მენეტია. მისმა ახალმა კვლევამ მეცნიერებს საკვანძო ცნობები მიაწოდა მზის სისტემის ქაოტური და მშფოთვარე საწყისების შესახებ. საქმე ეხება პერიოდს, როცა იუპიტერმა და სატურნმა ურანი და ნეპტუნი მზეს გამოსტაცეს.

ასტეროიდთა ამ წყვილში თითოეულის დიამეტრი დაახლოებით 100 კილომეტრია და მიეკუთვნებიან ობიექტთა ჯგუფს, რომელსაც იუპიტერის ტროიანთა სარტყელს უწოდებენ. ისინი მზის გარშემო იმავე მანძილიდან მოძრაობენ, რითაც იუპიტერი.

მიჩნეულია, რომ ნარჩენების ეს ჯგუფი შეიქმნა მზის სისტემის უდიდესი პლანეტების შეჯახებებისა და პოზიციების დაკავების დროს, მაგრამ საკითხავია, როდის?

კოლორადოს სამხრეთ-დასავლეთის კვლევითი ცენტრის მეცნიერთა ჯგუფის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, ეს პროცესი მზის სისტემის დაბადებიდან პირველი 100 მილიონი წლის განმავლობაში მოხდა. სხვაგვარად, პატროკლე და მენეტია — იუპიტერის ერთადერთი მსხვილი ბინარული (ორმაგი) ასტეროიდი ამჟამინდელ ადგილას ვერ იქნებოდა.

ასტეროიდი პატროკლე-მენეტია

მკვლევართა ჯგუფის წევრის, დევიდ ნესვორნის განცხადებით, ტროიანი ასტეროიდები სავარაუდოდ, იმ არასტაბილურ პერიოდშია დაჭერილი, როცა ქაოსური შეხლა-შემოხლა მიმდინარეობდა მზის სისტემის გიგანტ პლანეტებს — იუპიტერს, სატურნს, ურანსა და ნეპტუნს შორის.

მკვლევართა განცხადებით, ამ პერიოდში მოხდა ურანისა და ნეპტუნის გადატყორცნა იმ პირველადი სხეულების გროვისაკენ, რომელსაც ახლა კოიპერის სარტყელს უწოდებენ. ამის შემდეგ, ამ სხეულთა გარკვეული ნაწილი პირიქით, შიდა მიმართულებით უნდა გატყორცნილიყო და იუპიტერს დაეჭირა. ასე წარმოიქმნა ტროიანთა სარტყელი.

პატროკლე-მენეტიაზე დაკვირვებებსა და მზის სისტემის პატარა ობიექტების ფორმაციის უახლეს მოდელებზე დაყრდნობით, პლანეტების შენჯღრევა ამაზე ადრეულ პერიოდში უნდა მომხდარიყო, რადგან სხვაგვარად, ამ ქაოსში ბინარული ასტეროიდები ვერ გადარჩებოდნენ.

პატროკლე-მენეტია

როგორც მზის სისტემის ზოგიერთი მოდელი მიუთითებს, იუპიტერის, სატურნის, ურანისა და ნეპტუნის გადაჯგუფება მილიონობით წლის შემდეგ უნდა მომხდარიყო, რადგან შეჯახებები დაარღვევდა არამყარ ბალანსს ამ ორ უჩვეულო ასტეროიდს შორის.

მკვლევართა თქმით, უძველეს ხანაში კოიპერის სარტყელში ბინარული ასტეროიდები საკმაოდ ბევრი იყო, მაგრამ დღეისათვის, ნეპტუნის ორბიტაზე მხოლოდ რამდენიმე მათგანიღა არსებობს. რჩება შეკითხვა — როგორ გადარჩნენ ისინი?

თუკი მკვლევრები მართალი არიან, კვლევა მნიშვნელოვანი იქნება მზის სისტემის ისტორიის სხვა ასპექტებშიც. მაგალითად, ახალ ცნობებს მოგვაწვდის დაახლოებით 4 მილიარდი წლის წინ მომხდარი მძიმე შეჯახებების შესახებ, რომლებიც მთვარესაც შეეხო.

პატროკლე-მენეტიას არსებობა მიუთითებს, რომ ეს შეჯახებები გამოწვეული უნდა ყოფილიყო მზის სისტემის ცენტრის სიახლოვეს არსებულ პლანეტათა ნარჩენებით და არა შორიდან მოსული ობიექტებით.

პატროკლე-მენეტიას შესწავლა მეცნიერთათვის უმნიშვნელოვანესია. სწორედ ის არის ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც 2021 წელს NASA ზონდ „ლუსის“ გაუშვებს. ხომალდი რამდენიმე ასტეროიდს ესტუმრება, მათ შორის პატროკლე-მენეტიასაც.

მილიარდობით წლის წინანდელი ეპოქის კვლევა ადვილი როდია. მაგრამ როგორც პატროკლე-მენეტიას აჩვენებს, მზის სისტემა მნიშვნელოვან ცნობებს მალავს საკუთარი წარმოშობის შესახებ.

კვლევა ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია swri.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი