როდის გახდება კაცობრიობა I ტიპის ცივილიზაცია — ახალი ნაშრომი ჩვენს შესაძლებლობათა საზღვრებს იკვლევს #1tvმეცნიერება
როდის გახდება კაცობრიობა I ტიპის ცივილიზაცია — ახალი ნაშრომი ჩვენს შესაძლებლობათა საზღვრებს იკვლევს #1tvმეცნიერება

არსებობს ადამიანის ცივილიზაციის პროგრესის რამდენიმე საზომი. მათ შორის არის მოსახლეობის რაოდენობის ზრდა, იმპერიათა აღზევება და დაცემა, ვარსკვლავებთან წვდომის ჩვენი ტექნოლოგიური შესაძლებლობა.

თუმცა, ერთი მარტივი საზომია ენერგიის იმ რაოდენობის გამოანგარიშება, რომელსაც ადამიანები ნებისმიერ მოცემულ მომენტში ვიყენებთ. კაცობრიობის გავრცელებასა და დაწინაურებასთან ერთად, ენერგიის მოპოვების უნარი ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ტალანტია.

თუ ვივარაუდებთ, რომ მსგავსი უნარები სხვა პლანეტებზეც შეიძლება ჰქონდეთ ცივილიზაციებს, სახეობის მიერ ენერგიის მოხმარება, მისი ტექნოლოგიური სიმტკიცის კარგი უხეში საზომია. სწორედ ასეთია კარდაშევის სკალის იდეა.

1964 წელს, ეს სკალა საბჭოთა ასტროფიზიკოსმა ნიკოლაი კარდაშევმა შეიმუშავა. მან ცივილიზაციები სამ ტიპად დაყო: პლანეტური, ვარსკვლავური და გალაქტიკური.

I ტიპის სახეობას შეუძლია იმ მასშტაბის ვარსკვლავური ენერგიის მოპოვება, რა ოდენობითაც მის პლანეტაზე აღწევს. II ტიპის ცივილიზაციას ენერგიის მოპოვება მისი მშობლიური ვარსკვლავის მასშტაბზე შეუძლია, III ტიპის სახეობას კი საკუთარი გალაქტიკის მასშტაბით.

ამ იდეის პოპულარიზება შემდეგში კარლ სეიგანმა მოახდინა, რომელიც გაზომვების უწყვეტ მასშტაბს ვარაუდობდა და არა უბრალოდ მხოლოდ სამ ტიპს.

საინტერესოა, რომელი ტიპის ცივილიზაცია გამოვდივართ ჩვენ? მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები უზარმაზარი ოდენობის ენერგიას ვიყენებთ, როგორც ჩანს, ჩვენ ჯერ I ტიპის ცივილიზაციაც კი არ ვართ.

საშუალოდ, დედამიწაზე 1016 ვატი მზის ენერგია აღწევს და ადამიანები ამჟამად დაახლოებით 1013 ვატს ვიყენებთ. სეიგანის მცოცავი მასშტაბით, ჩვენ ამჟამად დაახლოებით 0,73 ტიპის ცივილიზაცია ვართ.

განვითარებულ პრიმატთა ერთი ჯგუფის კვალობაზე ცუდი არ არის, მაგრამ ჩნდება ერთი საინტერესო კითხვა. შევძლებთ კი ოდესმე I ტიპამდე მიღწევას? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არ შეგვიძლია დედამიწაზე მოღწეული მზის მთელი სინათლის დაჭერა და ჯერჯერობით გვაქვს სიცოცხლისათვის ხელსაყრელი პლანეტა.

ეს კითხვაა შესწავლილი ცოტა ხნის წინ სერვერ arXiv-ზე ატვირთულ პუბლიკაციაში. კვლევა განიხილავს ენერგიის სამ ძირითად წყაროს: წიაღისეულ საწვავს, ბირთვულ ენერგიას და განახლებად ენერგიას, პარალელურად ანგარიშობს დროთა განმავლობაში მათი ზრდის პოტენციალს.

ერთი მხრივ, I ტიპის ცივილიზაციამდე მიღწევა საკმაოდ მარტივი ჩანს. მთავარ პრიორიტეტად ენერგიის გამომუშავება დაისახე და იქ ხარ. თუმცა, ენერგიის ყოველი ტიპის წყარო შეზღუდულია.

ექსტრემალურ შემთხვევაში, ყოველი უნცია წიაღისეული საწვავის წვამ შეიძლება მიგვიყვანოს კლიმატის ცვლილების ისეთ დონეზე, რომელმაც შეიძლება ჩვენ ყველას ბოლო მოგვიღოს (ე. წ. დიდი ფილტრი). თუკი ამოწყდები, ცხადია, I ტიპის ცივილიზაციაც ვერ გახდები.

ამიტომ, მკვლევართა ჯგუფმა უფრო ნიუანსირებული მიდგომა გამოიყენა, შეისწავლა ენერგიის თითოეული ტიპის წყაროს შეზღუდვები და დააბალანსა შეადარა კლიმატის ცვლილებისა და დაბინძურებისთვის საჭირო იმ ზღვარს, რომელიც გაერო-ს და ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ არის დადგენილი.

დაადგინეს, რომ თუნდაც რეალისტური შეზღუდვების პირობებში, სრულიად შესაძლებელია, რომ კაცობრიობამ I ტიპის ცივილიზაციის კატეგორიას მიაღწიოს. უარყოფითი მხარე ის არის, რომ ამ დონეს სულ მცირე 2371 წლამდე ვერ მივაღწევთ.

ეს კი არც ისე ცუდი ამბავია. კარდაშევის სკალა ადამიანთა ტექნოლოგიების მასშტაბის გაზომვის ძლიერ უხეში ხელსაწყოა.

მართალია, მოწინავე ცივილიზაციას მნიშვნელოვანი ოდენობის ენერგია ესაჭიროება, მაგრამ უკვე ვიცით, წინსვლას დაბალენერგიულ ტექნოლოგიებსა და ეფექტიანობის ზრდას შეუძლია, რომ შეამციროს ჩვენ მიერ ენერგიის მოხმარება, მაგრამ ისე, რომ გაგრძელდეს ტექნოლოგიური წინსვლა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს კვლევა გვიჩვენებს, თუ როგორ შეგვიძლია გავხდეთ I ტიპის ცივილიზაცია, შესაძლებელია, ნამდვილად მოწინავე მაშინ ვიყოთ, როცა მივხვდებით, რომ ეს არ გვჭირდება.

მომზადებულია Universe Today-ის მიხედვით.