როგორ შეგვიძლია ვიპოვოთ ჩვენი მსგავსი არამიწიერი ცივილიზაცია და როგორ შეიძლება, მათ SpaceX-ის Starlink-ის წყალობით გვიპოვონ — ქართველი ასტროფიზიკოსის კვლევა #1tvმეცნიერება
როგორ შეგვიძლია ვიპოვოთ ჩვენი მსგავსი არამიწიერი ცივილიზაცია და როგორ შეიძლება, მათ SpaceX-ის Starlink-ის წყალობით გვიპოვონ — ქართველი ასტროფიზიკოსის კვლევა #1tvმეცნიერება

დედამიწაზე ჩვენ თითქმის უხილავები ვართ. თუ გალაქტიკაში სადმე, შორეულ პლანეტაზე მოწინავე არამიწიერი ცივილიზაცია არსებობს და საკუთარი ტელესკოპებით დედამიწას აკვირდება, ისინი ამ პლანეტაზე ჩვენს არსებობას ვერც კი შენიშნავენ.

ჩვენს ატმოსფეროში არსებული მთლიანად ხელოვნური ქლორფთორნახშირბადი აირების (CFC) გარდა, ძალიან მცირეა ისეთი მტკიცებულებები, რომლებზე დაკვირვებითაც ისინი შეიძლება მიხვდნენ, რომ დედამიწაზე ადამიანები არსებობენ ან ოდესმე არსებობდნენ; თუ რა თქმა უნდა, იმ ცივილიზაციას ასეთი დაკვირვებებისთვის საჭირო ტელესკოპები ექნება.

თუმცა, ეს მდგომარეობა შეიძლება შეცვალოს SpaceX-ის ახალი პროექტის, Starlink-ის თანამგზავრების „მეგათანავარსკვლავედმა“.

იმისათვის, რათა დედამიწაზე ფოკუსირებული რომელიმე შორეული არამიწიერი ცივილიზაციის ტელესკოპებმა დედამიწა Starlink-ის თანამგზავრების საშუალებით შენიშნონ, დაახლოებით 800 წელიწადია საჭირო.

ახალი კვლევის ფარგლებში, თბილისის თავისუფალი უნიერსიტეტის ასტროფიზიკოსი ზაზა ოსმანოვი ამჟამად ჩვენს ხელთ არსებული ტექნოლოგიებით ჩვენივე მსგავსი არამიწიერი ცივილიზაციის პოვნის შანსება აფასებს. მისი პუბლიკაცია ჟურნალ Journal of the British Interplanetary Society-ში გამოსაქვეყნებლად არის მიღებული. კვლევის თეზისი შეგვიძლია შევაბრუნოთ და ვივარაუდოთ, რამდენად შეძლებდნენ ასეთივე ცივილიზაციები ჩვენს შემჩნევას. ოსმანოვის აზრით, Starlink-ი ჩვენი ცივილიზაციის ერთ-ერთი პირველი მეგაკონსტრუქციაა, რომელსაც სულ უფრო ახლოს მივყავართ ჩვენი საკუთარი, პირველი „ტექნოხელწერის“ წარმოქმნასთან. ტექნოხელწერას უწოდებენ დამკვირვებლისთვის მისგან შორეულ პლანეტაზე შესამჩნევ ისეთი მახასიათებლებს, იქნება ეს სიგნალები თუ აირები, რომლებიც ბუნებრივი წარმოშობის არ არის და მის უკან ამ პლანეტაზე განვითარებული ცივილიზაცია უნდა იდგეს.

ილონ მასკის კომპანია Starlink-ის თანამგზავრებს დიდი რაოდენობით, ნაწილ-ნაწილ უშვებს დედამიწის ორბიტაზე, რათა მთელი პლანეტა დაიფაროს მაღალი სიჩქარის, გლობალური ფართოზოლოვანი ინტერნეტის ქსელით.

პროექტის კიდევ 60 თანამგზავრი ორბიტაზე რამდენიმე დღის წინ, 14 მარტს გაიტანა რაკეტა Falcon 9-მ. ამჟამად დედამიწის გარშემო Starlink-ის ათასამდე თანამგზავრი მოძრაობს. 2030 წლამდე SpaceX-ი 12 000 თანამგზავრის გატანას გეგმავს, უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში კი მათი რაოდენობის 40 000-მდე გაზრდა სურს.

დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს ამჟამად სწრაფ ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდება; ამის საშუალებას მათ Starlink-ი მისცემს. თუმცა, ასტრონომთა ნაწილისთვის ეს პროექტი გარკვეულ შეშფოთებას იწვევს, რადგან დედამიწის ორბიტაზე გაიზრდება კოსმოსური ნაგავი და თანამგზავრები უარყოფით გავლენას მოახდენენ კრიტიკულად მნიშვნელოვან ასტრონომიულ დაკვირვებებზე.

თუმცა, აქამდე არავის უფიქრია იმაზე, რომ Starlink-ით და სხვა მომავალი ასეთი თანამგზავრების მეგათანავარსკვლავედებით დედამიწა თანდათან შეიძენს პირველ საკუთარ „ტექნოხელწერას“, რომელიც ღრმა კოსმოსიდანაც შესამჩნევი იქნება.

„ტექნოხელწერა“ არის სამყაროს სხვა ნაწილებში ტექნოლოგიების გამოყენების ან ინდუსტრიული საქმიანობის მტკიცებულება. დიდი ტელესკოპებით მათი დაფიქსირება ერთ-ერთი გზაა იმისა, რომ ჩვენ მოწინავე არამიწიერ ცივილიზაციათა არსებობა დავადასტუროთ ან პირიქით, მათ გვიპოვონ ჩვენ.

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასტროფიზიკის პროფესორი ზაზა ოსმანოვი საკუთარ პუბლიკაციაში იმის შანსებს აფასებს, რამდენად შევძლებდით Starlink-ის მსგავსი ტექნოხელწერის დაფიქსირებას ეგზოპლანეტებზე, თუ გამოვიყენებთ ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის (ESO) ჩილეში განთავსებულ ძალიან დიდ ტელესკოპს (VLT) ან ჩინეთის გიგანტურ რადიოტელესკოპ FAST-ს; ლოგიკურია იმის დაშვებაც, რამდენად შეძლებდნენ ამ ეგზოპლანეტებზე მყოფი ცივილიზაციები Starlink-ის დაფიქსირებას ამ ტელესკოპების დონის ინსტრუმენტების საშუალებით.

ოსმანოვის ვარაუდით, დაახლოებით 1000 წელიწადში, ჩვენი ცივილიზაცია შეიძლება ხილული იყოს ძალიან დიდი ტელესკოპის (VLT) მსგავსი ინსტრუმენტებისთვის ჩვენგან დაახლოებით 260 სინათლის წლის მანძილით დაშორებული პლანეტებიდან. ამ მანძილიდან, ასეთმა ინსტრუმენტებმა დედამიწის გარშემო ნებისმიერი მეგასტრუქტურის დაფიქსირება ინფრაწითელ დიაპაზონში უნდა შეძლონ. თუმცა, SpaceX-ის Starlink-ს დაახლოებით 800 წელიწადი დასჭირდება იმისათვის, რათა ნებისმიერი ასეთი ძებნის მცდელობისთვის ხილული გახდეს.

საკუთარი გაანგარიშებები ზაზა ოსმანოვმა Starlink-ის თანამგზავრების სიკაშკაშესა და დაკვირვებათა ხანგრძლივობაზე დაყრდნობით ჩაატარა. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ტელესკოპით დაკვირვების ხანგრძლივობა და გეომეტრია.

„უხეში გათვლებით, იმისათვის, რათა კონსტრუქცია 100 სინათლის წლის მანძილიდან ხილული გახდეს, თანამგზავრთა რაოდენობა დაახლოებით 30 მილიარდი უნდა იყოს, რასაც მხოლოდ რაკეტა Falcon 9-ით გაშვებები არ ეყოფა“.

როგორც ოსმანოვი ასევე ვარაუდობს, ვინაიდან Starlink-ის თანამგზავრები რადიოსიგნალებსაც ასხივებს, FAST-ის მსგავსი რადიოტელესკოპი მათ დაფიქსირებას 520 სინათლის წლის მანძილიდან შეძლებდა.

„ჩემი კვლევის ფარგლებში დავთვალე, რამდენად შეიძლება, რომ ძალიან დიდმა ტელესკოპმა (VLT) ინფრაწითელ დიაპაზონში და FAST-მა რადიოდიაპაზონში გამოსხივება რომელიმე ეგზოპლანეტაზე დააფიქსიროს. ჩემი კვლევა ძირითადად იმას ეხებოდა, რამდენად შეგვიძლია ჩვენ ამ გზით არამიწიერ ცივილიზაციათა დანახვა, მაგრამ შეგვიძლია ეს ყველაფერი შევაბრუნოთ და ვივარაუდოთ, რამდენად შეძლებდნენ ისინი ასე ჩვენს დანახვას, რამდენ ხანში შეიძლება გავხდეთ მათთვის ხილული, თუ ისინიც ჩვენნაირები არიან“, — განუცხადა ზაზა ოსმანოვმა საქართველოს პირველ არხს.

არამიწიერი სიცოცხლის და განსაკუთრებით მისი გონიერი ფორმების, ანუ ცივილიზაციების ძებნა ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტუალური გახდა. ტარდება მრავალი კვლევა, ისმის მრავალი ვარაუდი, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ჯერჯერობით არაფერი ვიცით, არსებობს თუ არა სიცოცხლის რაიმე ფორმა დედამიწის მიღმა სადმე სხვაგან. მკვლევართა ნაწილი არ გამორიცხავს იმასაც, რომ შეიძლება, რომელიმე სხვა ცივილიზაციამ იქამდე გვიპოვოს, ვიდრე ჩვენ ვიპოვით რომელიმე ასეთს.

„გამორიცხული არაფერია. მათემატიკურად შეიძლება იმის ჩვენება, რომ დაკვირვებებიდან გამომდინარე, ჩვენს გალაქტიკაში ვარსკვლავთა უმეტესობა ჩვენს მზეზე გაცილებით წლოვანია, ამიტომ უფრო ლოგიკურია, რომ ასეთ ვარსკვლავთა პლანეტებზე არსებულმა პოტენციურმა ცივილიზაციებმა იქამდე გვიპოვონ, ვიდრე ჩვენ ვიპოვით მათ, თუ უკვე არ გვიპოვეს კიდეც, მაგრამ ეს უფრო ფანტასტიკის სფეროა“, — აღნიშნავს ზაზა ოსმანოვი საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

მისივე განცხადებით, დაფიქსირებადი სხვა სიგნალები, რა თქმა უნდა, დედამიწიდან აქამდეც გასულა და ახლაც გადის, მაგრამ ამ მხრივ, Starlink-ი გამორჩეული და უფრო მეტი პოტენციალის მქონეა.

„მთავარი აქცენტი Starlink-ზე არ მქონია; ეს პროექტი ჯერ განვითარების საწყის ეტაპზეა. სტატიაში ვავითარებ იდეას, რომ Starlink-ის თანამგზავრებმა ოდესმე შეიძლება დედამიწის მთელი ზედაპირი მოიცვან; ჩემი გათვლებით, თუ ამ თანამგზავრთა გაშვების ტემპს ყოველწლიურად გავზრდით, ზედაპირის სრულად მოცვას 1000 წელი დასჭირდება. მინიმალისტური გათვლებით, წელიწადში რომ ჩვენი ტექნოლოგიების ერთპროცენტიანი ზრდა გვქონდეს, ათას წელში მივაღწევთ „I ტიპის“ ცივილიზაციის კატეგორიას, ამჟამად ამ სკალაზე 0,7 ტიპის ცივილიზაცია ვართ“, — განუცხადა ზაზა ოსმანოვმა 1tv.ge-ს.

დედამიწის გარშემო „მეგასტრუქტურის“ აგება წარმოადგენს ე. წ. დაისონის სფეროს, ანუ სარტყლის მსგავსი სტრუქტურის გამოძახილს. ასეთი სტრუქტურა კარდაშევის სკალაზე ჩვენ „I ტიპის“ ცივილიზაციად გადაგვაქცევდა, რასაც ჯერ ვერ მივაღწიეთ.

კარდაშევის სკალა არის ცივილიზაციის ტექნოლოგიური განვითარების საზომი, რომელიც ამას ცივილიზაციის მიერ მოხმარებული ენერგიის საფუძველზე აფასებს. მეთოდი 1964 წელს საბჭოთა ასტრონომმა ნიკოლაი კარდაშევმა შემოგვთავაზა. სკალა კი ასე გამოიყურება:

  • პლანეტური ცივილიზაცია (I ტიპი) — შეუძლია შეაგროვოს მთელი ის ენერგია, რასაც მისი პლანეტა დედავარსკვლავიდან იღებს. ასეთი დონისთვის ჯერ არ მიგვიღწევია და ზაზა ოსმანოვის შეფასებით, 1000 წლის შემდეგ მივაღწევთ, თუკი ჩვენი ტექნოლოგიური განვითარება წელიწადში 1 პროცენტით გაიზრდება. ამ საზომით, ამჟამად „0,7 ტიპის“ ცივილიზაცია ვართ.
  • ვარსკვლავური ცივილიზაცია (II ტიპი) — შეუძლია აითვისოს მისი დედავარსკვლავის მიერ გამოყოფილი მთელი ენერგია და სავარაუდოდ, ეს დაისონის სფეროს საშუალებით უნდა შეძლოს.
  • გალაქტიკური ცივილიზაცია (III ტიპი) — შეუძლია აითვისოს ირმის ნახტომის მთელი ენერგია.

„ვარსკვლავურ“ და „გალაქტიკურ“ ცივილიზაციად ყოფნისათვის საჭირო მასიურ სტრუქტურათა დაფიქსირება, რა თქმა უნდა, გაცილებით მარტივი იქნება, რადგან ისინი ძლიერ რადიაციას უნდა ასხივებდეს ინფრაწითელ დიაპაზონში. ზაზა ოსმანოვის კვლევა ამ შემთხვევაში აფასებს, შეგვიძლია თუ არა ჩვენ, პლანეტურ ცივილიზაციას ახლა ავაშენოთ ისეთი რამ (თუნდაც Starlink-ი), რომელიც კოსმოსის სხვა ნაწილიდან ხილული იქნება.

და მაინც, ალბათ საკმაოდ დიდი დრო დაგვჭირდება, ვიდრე კაცობრიობა ჩვენი პლანეტისთვის რაიმე სახის „ტექნოხელწერის“ კვალის დამჩნევას შევძლებთ.

Journal of the British Interplanetary Society-ში გამოსაქვეყნებლად არის მიღებული, ამჟამად კი ხელმისაწვდომია სერვერზე arXiv.