როცა გალაქტიკები ერთმანეთს ეჯახებიან — ჰაბლმა გალაქტიკათა შერწყმის ექვსი მოვლენა გადაიღო #1tvმეცნიერება
ერთმანეთთან შეჯახების დროს, გალაქტიკები დრამატულად იცვლიან ფორმას და ვარსკვლავურ შემადგენლობას. ასეთი სისტემები ბრწყინვალე „ლაბორატორიებია“ ექსტრემალურ ფიზიკურ გარემოში ვარსკვლავთგროვების წარმოქმნაზე დაკვირვებისთვის.
ირმის ნახტომში ძირითადად წარმოიქმნება ვარსკვლავთგროვები, რომელთა მასაც ჩვენი მზისას 10 ათასჯერ აჭარბებს. მათი მასა ვერც კი შეედრება გალაქტიკების შეჯახების შედეგად წარმოქმნილი ვარსკვლავთგროვებისას, რომელთა მასაც ჩვენი მზისას შეიძლება მილიონობით აჭარბებდეს.
ეს მკვრივი ვარსკვლავური სისტემები ამავე დროს ძალიან კაშკაშაცაა. შეჯახების შემდეგაც კი, როდესაც ახლად წარმოქმნილი დიდი გალაქტიკური სისტემა უფრო წყნარ ფაზაში გადადის, ეს ძლიერ მასიური ვარსკვლავთრგოვები, როგორც წარსულ შეჯახებათა ხანგრძლივი მოწმეები, მთელ გალაქტიკას ანათებენ.
ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი ფოტოზე მოცემულ გალაქტიკათა შერწყმის ექვს სხვადასხვა მოვლენას სწავლობს; მისი მიზანია გაარკვიოს, რა გავლენას ახდენს ვარსკვლავთგროვებზე შეჯახების დროს განვითარებული სწრაფი ცვლილებები, რომლებიც დრამატულად ზრდის გალაქტიკებში ახალი ვარსკვლავების წარმოქმნის მაჩვენებელს. ჰაბლის შესაძლებლობათა წყალობით, ახალგაზრდა, კომპაქტურ ვარსკვლავგროვებში ჩანს მსხვილი ვარსკვლავთწარმომქმნელი კვანძებიც. ამ სისტემებზე ჰაბლის ულტრაიისფერი და ახლო ინფრაწითელი დაკვირვებებით დგინდება გროვების ასაკი, მასა, განისაზღვრება ვარსკვლავთწარმოქმნის მაჩვენებლები.
ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის დაკვირვებებით დადგინდა, რომ ვარსკვლავთგროვების პოპულაციები მახასიათებელთა სწრაფ და დიდ ცვლილებებს განიცდის, ყველაზე მასიური გროვები კი შერწყმის ფაზის დასასრულისკენ წარმოიქმნება.
მომზადებულია esahubble.org-ის მიხედვით.