რეზოლუციის პროექტს პარლამენტი 21 მარტის პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს
რეზოლუციის პროექტს პარლამენტი 21 მარტის პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს

ოკუპირებულ ცხინვალში დაღუპულ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტზე 19 მარტს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ, ხოლო დოკუმენტს პლენარულ სხდომაზე 21 მარტს უყრიან კენჭს.

როგორც ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით, უმრავლესობასა და უმცირესობას შორის პოლიტიკური კონსულტაციები დასრულდა და მხარეები ყველა პრინციპულ საკითხზე შეთანხმდნენ.

მისი თქმით, რეზოლუციას უმცირესობის მხარდაჭერა ექნება.

„ჩვენთვის პრინციპული და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტმა, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის ერთიან საერთო ინტერესს გამოხატავს, ერთი პრინციპული ტექსტი მიიღოს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით რეზოლუციაში იქნება, როგორც მკაცრი შეფასებები, ასევე, კონკრეტული ქმედებების მოთხოვნა.

„მათ შორის, გამოძიების ჩატარება უნდა მოხდეს საერთაშორისო აქტორების მონაწილეობით, ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმების დაშვება უნდა იქნას უზრუნველყოფილი და ასევე, სპეციალური სიის ფორმირება მოხდება, სადაც საქართველოს მთავრობამ შესაძლოა, ჩვენი მოქალაქეების მიმართ ჩადენილი მძიმე დანაშაულების გამო მსჯავრდებული და ბრალდებული პირები შეიყვანოს“,  – განაცხადა თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე საპარლამენტო რეზოლუციის საერთო ტექსტზე შეთანხმდნენ.