რას საქმიანობდა ჯამალ ხაშოგი - არაბი ჟურნალისტი, რომელიც სტამბოლში მოკლეს
სტამბოლში მოკლული ჯამალ ხაშოგი 59 წლის იყო. ის ქალაქ მედინაში დაიბადა, რომელიც ისლამის მეორე უწმინდესი ქალაქია, მექას შემდეგ. სკოლის დასრულების შემდეგ, ჯამალ ხაშოგი, ბევრი მისი თანატოლის მსგავსად, სასწავლებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა და ინდიანას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა. 1983 წელს მან ჟურნალისტის ხარისხი მოიპოვა.
ჯამალ ხაშოგიმ კარიერა ინგლისურენოვან გაზეთ Saudi gazette-ში დაიწყო. მას შემდეგ არა ერთ გაზეთში მუშაობდა და საზოგადოება იცნობდა, როგორც საერთაშორისო საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტს. 90-იან წლებში აშუქებდა ავღანეთში, ალჟირში, სუდანსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს. ავღანეთში ის ოსამა ბინ ლადენს შეხვდა, ხაშოგს არა ერთი ინტერვიუ აქვს ჩაწერილი ბინ ლადენთან.
ის საუდის არაბეთში რამდენიმე გავლენიანი გაზეთის რედაქტორი იყო. მას შემდეგ რაც al watan დატოვა, საუდის პრინცის თურქი ბინ ფაისალის მრჩეველი გახდა, რომელიც მანმადე საუდის არაბეთის დაზვერვის სამსახურის უფროსი იყო და 2005 -2006 წლებში ვაშინგტონში საუდის არაბეთის ელჩად მსახურობდა.
2010 წელს ხაშოგი ბაჰრეინში 24-საათიანი არაბული ტელევიზიის Al-arab-ის გენერალური დირექტორი გახდა. ტელევიზია ეთერში გასვლიდან 11 საათის შემდეგ დაიხურა. ამის შემდეგ ჯამალ ხაშოგი სოციალურ ქსელებში წერდა პუბლიკაციებს.
გასულ წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად, რადგან მიიჩნევდა, რომ საუდის არაბეთში საფრთხე ემუქრებოდა.
„არ მინდოდა, რომ დავეპატიმრებინე“, – ასე ახსნა ამერიკაში იძულებით გადასვლა ჯამალ ხაშოიგმ მარტში ტელეკომპანია ალ ჟაზირასთან საუბარში.
2017 წლის 18 სექტემბერს washington post-ში მისი პირველი სვეტი გამოქვეყნდა, სადაც ხაშოგი საუდის არაბეთის დატოვების მიზეზებზე წერდა.
„დავტოვე სახლი, ოჯახი, სამსახური და დღეიდან ხმას ვიმაღლებ. მე შემიძლია ვისაუბრო, მაშინ როდესაც ბევრს ეს არ შეუძლია. მინდა იცოდეთ, რომ საუდის არაბეთი ყოველთვის ისეთი არ ყოფილა, როგორიც დღეს. ჩვენ უკეთესს ვიმსახურებთ“, – წერდა ხაშოგი.
სიკვდილამდე ბოლო სვეტში კი ხაშოგი პრინც მოჰამედს ურჩევდა, რომ იემენში ომი დაესრულებინა. სიკვდილამდე ხაშოგი თურქეთში იმყოფებოდა, ის დაოჯახებას გეგმავდა.
რა საერთო აქვს ხაშოგების ოჯახს თურქეთთან? თურქეთში ისინი ცნობილები არიან როგორც kasikci-ების ოჯახი. ყველაზე ცნობილი ოჯახის წევრი ადნად ხაშოგია, მილიარდერი ბიზნესმენი, რომელსაც მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად მოიხსენიებენ. მისი ბიოგრაფიიდან ცნობილია, რომ 1980 წელს საკუთარი იახტა დონალდ ტრამპს მიჰყიდა. ჯამალ ხაშოგის ბაბუა თურქი ექიმი იყო, რომელმაც ცოლი საუდის არაბეთში შეირთო და მეფე აბდულაზიზ ალ საუდის პირადი ექიმი გახდა.
ჯამალ ხაშოგი და დოდი ალფაედი ბიძაშვილები იყვნენ. შეგახსნებთ, დოდი ალფაედი ბრიტანეთის პრინცესა დაიანას ხვდებოდა, ისინი 1997 წელს პარიზში ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ.
ცოტა ხნის წინ, საუდის არაბეთის სახელმწიფო ტელევიზიამ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობა დაადასტურა. ის სტამბოლში, საკონსულოს ტერიტორიაზე ჩხუბის შედეგად გარდაიცვალა.
ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა.
თურქეთის ხელისუფლება პასუხისმგებლობას საუდის არაბეთს აკისრებს და ამტკიცებს, რომ ხაშოგისსხეული მკვლელობის შემდეგ დაანაწევრეს.
ოფიციალური ანკარას ცნობით, ამის დამადასტურებელი ჩანაწერიც არსებობს.