რამდენიმე დღეში დედამიწას წელს ყველაზე დიდი ასტეროიდი ჩაუვლის — #1tvმეცნიერება
NASA-ს დედამიწასთან ახლომდებარე ობიექტთა კვლევების ცენტრის (CNEOS) მონაცემებით, უზარმაზარი ასტეროიდი, ზომით ემპაირ სტეიტ ბილდინგზე ოთხჯერ დიდი, 27 მაისს დედამიწას ჩაუვლის.
ასტეროიდი, სახელად 7335 (1989 JA), ჩვენი პლანეტიდან დაახლოებით 4 მილიონი კილომეტრის მანძილზე გაივლის, ანუ თითქმის ათჯერ უფრო შორს, ვიდრე დედამიწასა და მთვარეს შორის საშუალო მანძილი.
თუმცა, ამ კოსმოსური ქვის ზომიდან (დიამეტრი 1,8 კმ) და დედამიწასთან შედარებით სიახლოვიდან გამომდინარე, NASA-მ მას „პოტენციურად საშიშის“ კლასიფიკაცია მიანიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის შეიძლება უდიდესი საფრთხე გახდეს ჩვენი პლანეტისთვის, თუკი ოდესმე მისი ორბიტა შეიცვლება და დედამიწას დაეცემა.
NASA-ს მონაცემებით, 7335 (1989 JA) უდიდესი ასტეროიდია, რომელიც წელს დედამიწას შედარებით ახლოს ჩაუვლის. მეცნიერთა ვარაუდით, ასტეროიდი დაახლოებით 76 000 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს, ანუ ტყვიაზე 20-ჯერ უფრო სწრაფად.
ის დედამიწას 2055 წლის 23 ივნისამდე აღარ მოუახლოვდება და მაშინაც, ჩვენს პლანეტას ის კიდევ უფრო შორს ჩაუვლის, დედამიწასა და მთვარეს შორის არსებულ მანძილზე 70-ჯერ შორს.
ეს ასტეროიდი ერთ-ერთია დედამიწასთან ახლომდებარე იმ 29 000 ობიექტიდან, რომლებსაც NASA ყოველწლიურად უთვალთვალებს. დედამიწასთან ახლომდებარე ობიექტი (NEO) ეწოდება ნებისმიერ ასტრონომიულ ობიექტს, რომელიც დედამიწის ორბიტიდან დაახლოებით 48 000 კილომეტრის მანძილს შიგნით ჩაივლის.
ამ ობიექტთა უმეტესობა უკიდურესად პატარაა; ასტეროიდი 7335 (1989 JA) უფრო დიდია, ვიდრე NASA-ს მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ დედამიწასთან ახლომდებარე ობიექტთა 99 პროცენტი.
გარდა ამისა, 7335 (1989 JA) მიეკუთვნება ასტეროიდთა კლასს, რომელსაც აპოლოს კლასს უწოდებენ და აღნიშნავს ასტეროიდებს, რომლებიც მზის გარშემო მოძრაობისას პერიოდულად კვეთენ დედამიწის ორბიტას. ასტრონომთათვის დაახლოებით 15 000 ასეთი ობიექტია ცნობილი.
დედამიწასთან ახლომდებარე ასეთ ობიექტებს NASA აქტიურად აკვირდება და ცოტა ხნის წინ მისიაც კი გაუშვა, რომელმაც უნდა შეამოწმოს, შესაძლებელი იქნება თუ არა პოტენციურად საშიში ასტეროიდისთვის დედამიწისკენ აღებული კურსის შეცვლა.
2021 წლის ნოემბერში, NASA-მ გაუშვა ხომალდი, სახელად Double Asteroid Redirection Test (DART), რომელიც 2022 წლის შემოდგომაზე შეეჯახება 160 მეტრის სიგანის ასტეროიდ დიმორფოსს. შეჯახება ასტეროიდს არ დაამსხვრევს, მაგრამ შეიძლება მას ოდნავ შეუცვალოს ორბიტა.
მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.