რამდენიმე დღის წინ, ატმოსფეროში მცირე ზომის ასტეროიდი შემოიჭრა და ის მხოლოდ რამდენიმე საათით ადრე შენიშნეს — #1tvმეცნიერება
რამდენიმე დღის წინ, ატმოსფეროში მცირე ზომის ასტეროიდი შემოიჭრა და ის მხოლოდ რამდენიმე საათით ადრე შენიშნეს — #1tvმეცნიერება

2022 წლის 11 მარტს დედამიწის ატმოსფეროში მცირე ზომის ასტეროიდი შემოვიდა.

უჩვეულო ამაში არაფერია. კოსმოსური ქვები დედამიწის ატმოსფეროში მუდამ შემოდის. თუმცა, ეს ასტროიდი იმით არის განსაკუთრებით საოცარი, რომ ერთმა ასტრონომმა ის უშუალოდ ატმოსფეროში შემოჭრის წინ შენიშნა. მას 2022 EB5 უწოდეს და ამ დროისთვის მეხუთე ასტეროიდია, რომელიც უშუალოდ დაცემის წინ შევნიშნეთ.

ობიექტის სიგანე დაახლოებით ორი მეტრი უნდა ყოფილიყო და ის უნგრეთის კონკოლის ობსერვატორიის ასტრონომმა კრისტიან შარნეცკიმ მსოფლიო კოორდინირებული დროით 19:24 საათზე შენიშნა.

დედამიწის ატმოსფეროში ასტეროიდი ორი საათის შემდეგ შემოვიდა, ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის თავზე, ნორვეგიის კუნძულ იან-მაიენის სამხრეთ-დასავლეთით, წამში 18 კილომეტრის სიჩქარით.

არც ისე დიდი ხნის შემდეგ, ინფრაბგერითმა ინსტრუმენტებმა გრენლანდიასა და ნორვეგიაში აფეთქება დააფიქსირეს, რაც სავარაუდოდ ცაში დაშლილი ობიექტის მიერ იყო გამოწვეული, რომელიც შემდეგ ოკეანეში ჩავარდა.

ამავე ინსტრუმენტების მონაცემებით, აფეთქება დაახლოებით 2000 ტონა ტროტილის აფეთქების ეკვივალენტი იყო.

ატმოსფეროში შემოსვლის წინ დაფიქსირებული წინა ოთხ ასტეროიდს შორის იყო 2008 TC3, რომელიც დაახლოებით ოთხი მეტრის სიგანის იყო და აფეთქებისას 2100 ტონა ტროტილის ეკვივალენტი გამოყო; სამი მეტრის სიგანის 2014 AA დაახლოებით 1000 ტონა ტროტილის ეკვივალენტით; ასევე 3-მეტრიანი 2018 LA დაახლოებით 400 ტონა ტროტილის ეკვივალენტით; და 6-მეტრიანი 2019 MO დაახლოებით 6000 ტონა ტროტილის ეკვივალენტით.

ამ ტიპის ობიექტთა უმეტესობა დედამიწის ატმოსფეროში ფეთქდება და წარმოქმნის ე. წ. ბოლიდს. მეცნიერთა აზრით ამის მიზეზია ობიექტის სხეულის მცირე ბზარებში ჰაერის შესვლა, რაც წნევას წარმოქმნის, რადგან ის ატმოსფეროში მაღალი სიჩქარით მოძრაობს.

ასტეროიდის ფრაგმენტები შეიძლება დედამიწაზე ჩამოცვივდეს, მაგრამ 2022 EB5-ის დაწვის შედეგად დარჩენილი ნაწილები ოკეანეში უნდა ჩაცვენილიყო.

ასტეროიდ 2022 EB5-ის აღმოჩენა სულ სხვა მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი.

ატმოსფეროში შემოსვლის წინ საკმაოდ მცირე ასტეროიდების დაფიქსირების სულ უფრო მეტი შემთხვევა ზრდის შანსებს, რომ ჩვენთვის საშიში ასტეროიდები გაცილებით ადრე დავაფიქსიროთ. 2022 EB5 საკმაოდ მცირე იყო და არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენდა, მაგრამ ასე პატარა, არასახიფათო ობიექტთა დაფიქსირება მიუთითებს, რომ ჩვენი ტექნოლოგიები სულ უფრო იხვეწება.

ნორვეგიისა და ჩრდილოეთ ისლანდიის მოსახლეობას ამ კონკრეტული ასტეროიდის დაწვა ცაში კაშკაშა ნათების სახით უნდა დაენახა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.