რამდენიმე დღეში NASA გაუშვებს ხომალდს, რომელიც ასტეროიდს შეეჯახება და ორბიტას შეუცვლის — #1tvმეცნიერება
რამდენიმე დღეში NASA გაუშვებს ხომალდს, რომელიც ასტეროიდს შეეჯახება და ორბიტას შეუცვლის — #1tvმეცნიერება

რამდენიმე დღეში, NASA ახალ კოსმოსურ ზონდს გაუშვებს, რომლის საბოლოო ბედიც თვითგანადგურებაა.

მისია, სახელად „ორმაგი ასტეროიდის მიმართულების შეცვლის ტესტი“ (Double Asteroid Redirection Test (DART)), ითვალისწინებს კოსმოსური ხომალდის გაშვებას, რომელიც დაახლოებით 11 მილიონ კილომეტრს იფრენს, ვიდრე ასტეროიდს შეეჯახება. ზონდი წარმოადგენს 1,22 მეტრის სიგანის ყუთს და უბრალო კენჭს ჰგავს იმ უზარმაზარი, კოლიზეუმის ზომის ასტეროიდის ფონზე, რომელსაც ის უნდა შეეჯახოს. თუმცა, ეს დარტყმა საკმარისი იქნება, რათა შეუცვალოს უფრო დიდი ასტეროიდის გარშემო მოძრაობის მიმართულება.

NASA-ს მიზანია შეამოწმოს, შესაძლებელი იქნება თუ არა ასეთი ბიძგით მიმართულება შეეცვალოს რომელიმე მოხეტიალე კოსმოსურ ქვას, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება დედამიწისკენ მოემართებოდეს. მეცნიერებმა ამჟამად არ იციან რომელიმე ასეთი სახიფათო ასტეროიდი, მაგრამ NASA-ს შეფასებით, მათ დედამიწასთან ახლომდებარე, 140 მეტრზე გრძელ ასტეროიდთა მხოლოდ 40 პროცენტი აქვთ აღმოჩენილი. ერთ ასეთ ასტეროიდს მთელი ქალაქის განადგურება შეუძლია.

მისიის ერთ-ერთი მეცნიერის, NASA-ს ასტროფიზიკოს ტომ სტატლერის განცხადებით, DART-ი პლანეტური თავდაცვის ორეტაპიანი ტესტია.

„პირველი ტესტი შეამოწმებს ამ ასტეროიდზე დარტყმის ჩვენს ტექნიკურ შესაძლებლობას, მეორე კი ამ დარტყმის პასუხს“.

დარტყმისადმი ასტეროიდის პასუხი NASA-ს დაეხმარება, რომ განსაზღვროს, რა ზომის უნდა იყოს სამომავლო ზონდები, რათა ასეთი სამიზნეები გავანეიტრალოთ.

DART-ს 24 ნოემბერს, კალიფორნიიდან, SpaceX-ის რაკეტა „ფალკონ 9“-ით გაუშვებენ. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, დანიშნულების ადგილს მისია 2022 წლის სექტემბერში მიაღწევს.

DART-ი 10 თვის განმავლობაში ივლის ასტეროიდთან წყვილისკენ. ერთი მათგანი მეორის ბუნებრივი თანამგზავრია, სახელად დიმორფოსი; ასტეროიდს კი, რომელსაც ის უვლის გარშემო, დიდიმოსს უწოდებენ. DART-ის სამიზნე დიმორფოსია, მისი სიგანე 160,02 მეტრია, დიდიმოსის კი 762 მეტრი.

არც დიდიმოსი და არც დიმორფოსი დედამიწისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ იდეალურია NASA-ს „კინეტიკური იმპაქტორის“ მეთოდისთვის, რომელიც გულისხმობს ასტეროიდთან მაღალი სიჩქარით ხომალდის შეჯახებას, რათა მას მიმართულება შეეცვალოს.

საკმაოდ ძნელი საქმეა, რადგან DART-ი დიმორფოსს შეჯახებამდე მხოლოდ ერთი საათით ადრე დაინახავს. თუმცა, NASA-ს ინჟინრებმა ხომალდი ისე დააპროგრამეს, რომ სწრაფად გამოთვალოს ასტეროიდის ცენტრი და ამ წერტილისკენ მიემართოს.

ხომალდი დიმორფოსის ცენტრს 24,140 კმ/სთ სიჩქარით შეასკდება, საკუთარ კინეტიკურ ენერგიას ასტეროიდს გადასცემს და მას დიდიმოსთან უფრო ახლოს გადასწევს.

NASA-ს ვარაუდით, შეჯახება გამოიწვევს 99,790 კგ კლდოვანი მასალის აფეთქებას გამოიწვევს, რაც მას იმაზე უფრო დიდ ბიძგს მისცემს, ვიდრე თავად DART-ი. საბოლოოდ, დიმორფოსი თავისი კომპანიონი უფრო დიდი ასტეროიდის გარშემო სულ მცირე 73 წამით უფრო სწრაფად მოძრაობას დაიწყებს, ვიდრე იქამდე.

მიუხედავად იმისა, რომ შეჯახება დედამიწიდან დაახლოებით 11 მილიონი კილომეტრის მანძილზე მოხდება, ასტრონომები ტელესკოპებით მის დანახვას მაინც შეძლებენ და გაარკვევენ ასტეროიდის ორბიტის ცვლილებას.

თუ ამ მეთოდმა წარმატება აჩვენა, ერთ მშვენიერ დღეს მან შეიძლება დედამიწა გამანადგურებელი ასტეროიდისგან გადაარჩინოს. თუმცა, არის ერთი მომენტი. ექსპერტთა განცხადებით, იმისათვის, რათა ასეთი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად DART-ის მსგავსი მისიები გამოიყენოს, NASA-ს ასეთი ასტეროიდების 5-10 წლით ადრე შემჩნევა სჭირდება.

იმიტომ, რომ კოსმოსური ხომალდების ასაშენებლად წლებია საჭირო, შემდეგ კი თვეები ასტეროიდთან მისასვლელად. ამას გარდა, საჭიროა, რომ ხომალდმა ასტეროიდს ერთი ან ორი წლით ადრე დაარტყას, ვიდრე ის დედამიწის ორბიტასთან გადაიკვეთება. ხომალდის მცირე ბიძგი ასტეროიდს მხოლოდ ოდნავ შეუცვლის კურსს, მაგრამ დროთა განმავლობაში, ასეთმა ცვლილებამ შეიძლება ის დედამიწას ააცილოს.

სახიფათო ასტეროიდთა წინასწარ გამოსავლენად, NASA აშენებს კოსმოსურ ტელესკოპს, სახელად Near-Earth Object Surveyor-ი, რომელიც მეთვალყურეობას გაუწევს 140 მეტრზე დიდ ასტეროიდებს.

როგორც კი ასტრონომები შეიტყობენ, გაამართლა თუ არა DART-ის მისიამ, შემდეგი მისიის, სახელად „ჰერასთვის“ მზადებას დაიწყებს ევროპის კოსმოსური სააგენტო, რომელიც 2026 წელს ასევე დიდიმოსს და დიმორფოსს ესტუმრება. „ჰერა“ შეჯახების შედეგებს შეისწავლის. შექმნის დიმორფოსის რუკას, ზუსტად გაზომავს მის მასას და შეამოწმებს DART-ის მიერ მასზე დატოვებულ კრატერს.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი