სახიფათო ასტეროიდების დამსხვრევა იმაზე რთულია, ვიდრე გვეგონა - ახალი კვლევა
სახიფათო ასტეროიდების დამსხვრევა იმაზე რთულია, ვიდრე გვეგონა - ახალი კვლევა

თუკი ოდესმე კაცობრიობის არსებობას საფრთხეს შეუქმნის მოახლოებული ასტეროიდი, გადარჩენის ერთ-ერთი პოტენციური რესურსია ამ კოსმოსური კლდის ნაწილებად დაშლა. თუმცა, როგორც ახალი კვლევა მიუთითებს, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ასტეროიდის განადგურების ეს მეთოდი გამოსადეგი იყოს.

კვლევის თანახმად, ასტეროიდი არც ისე ძლიერ დაიმსხვრევა, როგორც ამას წინა მოდელები მიუთითებდა. გარდა ამისა, დაშლის მცდელობის შემდეგ, ასტეროიდის გრავიტაცია მაინც იმდენად ძლიერი დარჩება, რომ ფრაგმენტები კვლავ ერთ სხეულად გაერთიანდება.

„მართალია, სამეცნიერო ფანტასტიკას ჰგავს, მაგრამ ასტეროიდის შეჯახების საფრთხეების კვლევა აქტიურად მიმდინარეობს. საკითხავია, სჯობს ჩვენკენ მომავალი ასტეროიდი ნაწილებად დავშალოთ თუ უბრალოდ მიმართულება შევუცვალოთ? თუკი ამ უკანასკნელს ავირჩევთ, რა ძალაა საჭირო მასზე დასარტყმელად, რათა არ დაიმსხვრეს და სხვა მიმართულებით წავიდეს?“, — აღნიშნავს კვლევის ავტორი ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტიდან, ჩარლ ელ მირი.

ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად, რასაკვირველია, საჭიროა უფრო მეტი ვიცოდეთ თავად ასტეროიდების შესახებ. როგორც ავტორები წერენ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქმე ეხება მეცნიერთა მიერ კარგად შესწავლილ ასტეროიდებს, დაზუსტებით მაინც არ იციან, როგორია მათი წიაღი. თუმცა, მრავალი სხვადასხვა სახის ასტეროიდის კვლევა შესაძლებელია კომპიუტერული სიმულაციებით.

კვლევის ავტორთა განცხადებით, აქამდე მიიჩნეოდა, რომ უფრო ადვილი უნდა ყოფილიყო დიდი ასტეროიდების დაშლა, რადგან მეტია შანსი, მათ ბზარები ჰქონდეთ. თუმცა, ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს ასტეროიდები იმაზე უფრო ძლიერია, ვიდრე გვეგონა და შესაბამისად, მათი დამსხვრევისთვის გაცილებით მეტი ენერგიაა საჭირო.

ასტეროიდები მხოლოდ პოტენციური საფრთხე როდია. ასტრონომები მათ აქტიურად იკვლევენ სრულიად სხვა მიზეზთა გამოც — ეს სხეულები წარმოადგენს მზის სისტემის ფორმაციის ნარჩენებს, რომლებსაც ბევრი საიდუმლოს ამოხსნა ძალუძთ. გარდა ამისა, შესაძლებელია ისიც, რომ მომავალში ასტეროიდები რესურსების (ძირითადად მეტალები) სერიოზულ წყაროდ იქცეს.

მომზადებულია space.com-ის მიხედვით.