NASA-ს ხომალდი ასტეროიდ ბენუსთან მივიდა და მისი ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანას გეგმავს
NASA-ს ხომალდი ასტეროიდ ბენუსთან მივიდა და მისი ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანას გეგმავს

ორწლიანი მოგზაურობის შემდეგ, NASA-ს ხომალდი უძველეს ასტეროიდ ბენუსთან მივიდა.

ხომალდი Osiris-Rex-ი ალმასის ფორმის კოსმოსურ ნამსხვრევს 19 კმ მანძილზე მიუახლოვდა. მომდევნო დღეების განმავლობაში, იგი ასტეორიდთან კიდევ უფრო ახლოს მივა, 31 დეკემბერს კი მის ორბიტაზე გავა. ასეთი პატარა კოსმოსური სხეულის ორბიტაზე რომელიმე ხომალდი აქამდე არასდროს გასულა.

ასტეროიდი ბენუ მდებარეობს ჩვენგან 130 მილიონი კილომეტრის მანძილზე. სიგანეში სულ რაღაც 500 მეტრია. სპორტული მანქანის ზომის ხომალდი მასთან ერთ წელიწადს გაატარებს, შემდეგ მისი ზედაპირიდან ნიმუშებს აიღებს და 2023 წელს კვლავ დედამიწაზე დაბრუნდება.

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ნახშირბადით მდიდარი მისი მატერია ბევრ ინფორმაციას ფლობს მზის სისტემის დაბადების შესახებ.

აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე თვის წინ, კიდევ ერთ ასტეროიდთან, რიუგუსთან მივიდა იაპონური ხომალდი. რიუგუ ბენუზე ორჯერ დიდია. მის ნიმუშებს ხომალდი დედამიწაზე 2020 წლის დეკემბერში ჩამოიტანს.

Osiris-Rex-ი ბენუდან 60 გრამ მტვერსა და ქვიშას ჩამოიტანს. ხომალდი ასტეროიდზე არ დაჯდება — გამოიყენებს 3-მეტრიან მექანიკურ მკლავს, რომელსაც ის ბენუსკენ 2020 წელს დაუშვებს და ზედაპირის ნაწილაკებს შეისრუტავს. ამის შემდეგ, კონტეინერი, რომელშიც აღებული მტვერი მოთავსდება, ხომალდს გამოეყოფა და დედამიწისკენ გამოეშურება.

ჩვენს პლანეტაზე ის იუტის შტატში დაეშვება და იქნება კოსმოსიდან მიღებული უმნიშვნელოვანესი ამანათი მას შემდეგ, რაც „აპოლოს“ მისიის ასტრონავტებმა 1960-1970-იან წლებში დედამიწაზე მთვარის ნიმუშები ჩამოიტანეს.

როგორც ბენუ, ისე რიუგუ დედამიწისთვის პოტენციურად საშიშ ასტეროიდებად მიიჩნევა, ანუ, არ არის გამორიცხული, რომელიმე მათგანი ოდესმე ჩვენს პლანეტას შეეჯახოს. 150 წლის შემდეგ, ბენუ დედამიწასთან განსაკუთრებით ახლოს მოვა.

Osiris-Rex-ის მისია 2016 წელს გაეშვა და დაახლოებით 800 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა.

მომზადებულია The Associated Press-ის მიხედვით.