ნასას ხელმძღვანელი - დროა, ასტეროიდები სერიოზულ საფრთხედ აღვიქვათ
ნასას ხელმძღვანელი - დროა, ასტეროიდები სერიოზულ საფრთხედ აღვიქვათ

ნასას ადმინისტრატორი ჯიმ ბრაიდენსტაინი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელი იყო, როდესაც დედამიწის ატმოსფეროში მოზრდილი ასტეროიდი შემოიჭრა და რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკის თავზე აფეთქდა. მოვლენამ ცაში მზეზე მეტად გაანათა.

რამდენიმე დღის წინ, ასტრონავტიკის საერთაშორისო აკადემიის მიერ ორგანიზებულ 2019 წლის პლანეტური დაცვის კონფერენციაზე ბრაიდენსტაინმა სწორედ ამ მოვლენაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მეცნიერების გამოყენებას სამომავლოდ მსგავსი მოვლენებისგან პლანეტის დასაცავად.

„ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა ხელახლა გაიგოს, რომ ეს ჰოლივუდის ფილმი არაა. ბოლოსდაბოლოს, საქმე ეხება იმ ერთადერთი პლანეტის დაცვას, სადაც ვიცით, რომ სიცოცხლე არსებობს. ეს გახლავთ პლანეტა დედამიწა“, — აღნიშნა ბრაიდენსტაინმა.

კონფერენციაზე მეცნიერებმა განიხილეს პლანეტური დაცვის საკვანძო საკითხები, მათ შორის, დედამიწასთან ახლომდებარე ობიექტთა გამოვლენა, თვალთვალი და დახასიათება. მიმოიხილეს გზები, რომლითაც შესაძლებელი იქნება ჩვენკენ მომავალი სხეულისთვის გზის შეცვლა და დაინტერესდნენ, ვართ თუ არა მზად გადაუდებელი პროცედურებისთვის, რომ ხალხი უსაფრთხოდ იყოს ასეთი კატასტროფის შემთხვევაში.

ბრაიდენსტაინის აზრით, ამ მიმართულებით მუშაობა გადამწყვეტია, რადგან შესაძლოა, მსგავსი მოვლენა თავიდან ავიცილოთ ან სულ მცირე, შევამციროთ კატასტროფის მასშტაბი. მისი თქმით, უნდა გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული სისტემები და შესაძლებლობები, რათა შევაგროვოთ მეტი მონაცემი და რაც შეიძლება სწრაფად.

„კარგად ვიცით, რომ დინოზავრებს კოსმოსური პროგრამა არ ჰქონდათ, მაგრამ ჩვენ გვაქვს და უნდა გამოვიყენოთ კიდეც“, — განაცხადა ბრაიდენსტაინმა.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ პლანეტური დაცვა გადაჭდობილია ნასას სხვა პრიორიტეტებთან, რომელთა შორის დაასახელა 2024 წელს ადამიანების გაგზავნა მთვარეზე და სიცოცხლის საძიებლად მისიის გაგზავნა იუპიტერის მთვარე ევროპაზე.

ბრაიდენსტაინმა ასევე ისაუბრა ამჟამად მიმდინარე ორ ასტეროიდულ მისიაზე — იაპონიის ხომალდი „ჰაიაბუსა2“, რომელიც სწორედ ახლა სტუმრობს ასტეროიდ რიუგუს და ნასას ხომალდი „ოსირის-რექსი“, რომელიც ასტეროიდ ბენუსკენ მიემართება.

ნასას ისტორიაში პირველი პლანეტური დაცვის სატესტო მისია, სახელად „დარტი“ 2022 წელს დაიწყება. ბრაიდენსტაინის თქმით, „ჰაიაბუსა2“ და „ოსირის-რექსი“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას აგროვებენ პლანეტური დაცვის შესახებ.

„სწორედ ამიტომ ვახორციელებთ ასეთ მისიებს. დიახ, ისინი მეცნიერებას, კვლევებსა და აღმოჩენებს ემსახურებიან, მაგრამ ამ მისიების ერთ-ერთი მიზეზი ამ ობიექტთა შესწავლაა, რათა დავიცვათ ერთადერთი პლანეტა, სადაც ვიცით, რომ სიცოცხლე არსებობს“, — აღნიშნა ნასას ადმინისტრატორმა ჯიმ ბრაიდენსტაინმა.

მომზადებულია space.com-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი