რა ვითარებაა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის შემდეგ [ფოტო]
11:40, 16.04.2019
უცხოური მედია პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ფოტოებს აქვეყნებს. ფოტოებზე ჩანს, ხანძრის შედეგად ტაძრის რა ნაწილი განადგურდა.
ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა, თუმცა მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. ამასთან, გადარჩენილია მთავარი რელიკვიები – მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მოვლენების განვითარების ყველაზე ცუდი სცენარი თავიდან არის აცილებული და ტაძრის აღსადგენად საჭირო თანხის შესაგროვებლად საერთაშორისო კამპანიის დაწყება დააანონსა. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში დახმარების მზადყოფნა გამოთქვა იუნესკო-მ.
პარიზის ღვითსმშობლის ტაძარი აშენებულია XII-XIV საუკუნეებში. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ის კუნძულ სიტეზე მდებარეობს, რომელსაც პარიზის ცენტრში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის. ტაძარში ინახება ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი რელიკვია – ქრისტეს ეკლის გვირგვინი. ასევე, ტაძარში წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ორღანი.