პარიზში ღვთისმშობლის ტაძრის მიმდებარე რაიონებს ტყვიისგან წმენდენ
პარიზში ღვთისმშობლის ტაძრის მიმდებარე რაიონებს ტყვიისგან წმენდენ

პარიზში ღვთისმშობლის ტაძრის მიმდებარე რაიონებს ტყვიისგან წმენდენ. როგორც ცნობილია, ლეგენდარულ ტაძარში გაჩენილი ხანძრის დროს, გარემოში 400 ტონა ტყვია მოხვდა.

როგორც „ფრანს ინფო“ იუწყება, დაბინძურებული რაიონების გაწმენდის სამუშაოები 23 აგვისტომდე გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში დაიკეტება კუნძულ სიტეზე მდებარე რამდენიმე ქუჩა, ასევე მეტროსადგურებიც. შეიცვლება ავტობუსების მოძრაობის მარშრუტებიც.

როგორც ფრანგული მედია წერს, ტყვიისგან გასაწმენდად ქუჩებს თავდაპირველად სპეციალური ქიმიური ნივთიერებით, დიდი წნევით გარეცხავენ. შემდეგ კი, ასფალტს, სკამებს და ბოძებს სპეციალური გელით დაამუშავებენ, რომელიც ტყვიას შეიწოვს.

ამ პროცედურის დასრულების შემდეგ კი, ტყვიის შემცველობას ხელახლა შეამოწმებენ.

21 აგვისტოდან დაიწყება ოპერაცია, რომლის მიზანიც ღვთისმშობლის ტაძრის წინ მდებარე მოედნის ტყვიისგან გათავისუფლებაა. ამჟამად ტაძარში სარემონტო სამუშაოები შეჩერებულია, ვიდრე იქ მომუშავე ადამიანების ტყვიის მავნე ზეგავლენისგან დასაცავად ახალი ზომები არ იქნება მიღებული.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის შემდეგ 160-ზე მეტი ბავშვი შეამოწმეს. აღმოჩნდა, რომ 16 ბავშვს სისხლში ტყვიის შემცველობა საშიშ ზღვარზე აქვს. ამის გამო, პარიზის სამ სკოლაში ჩაატარეს ტყვიისაგან გაწმენდის ოპერაცია. კერძოდ. სასწავლო დაწესებულებების შიდა ეზოებში მთლიანად შეიცვალა ასფალტის საფარი.