პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის შპილი მე-19 საუკუნის გოთიკური სტილით აღდგება
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის შპილი მე-19 საუკუნის გოთიკური სტილით აღდგება

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის შპილი მე-19 საუკუნის ორიგინალური, გოთიკური სტილით აღდგება. როგორც „ბიბისი“ წერს, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებამ წერტილი დაუსვა სპეკულაციებს, რომ შპილის აღდგენა თანამედროვე სტილში უნდა მომხდარიყო.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა 2024 წლისთვის სურს, როდესაც საფრანგეთის დედაქალაქი ოლიმპიადას უმასპინძლებს. საფრანგეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ეროვნული მემკვიდრეობისა და არქიტექტურის კომისიის შეხვედრა.

2019 წლის აპრილში პარიზის საკათედრო ტაძრის მე-13 საუკუნის სახურავის დაწვამ უამრავი ემოცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოიწვია. საკათედრო ტაძრის აღსადგენად ორ დღეში მილიარდი დოლარი შეგროვდა.

ტაძრის შპილი თავდაპირველად მე-13 საუკუნეში აღმართეს, თუმცა სიძველის გამო, მე-18 საუკუნეში ჩამოხსნეს. ბოლო შპილი მე-19 საუკუნეში იყო აღმართული, რომელიც 2019 წელს ხანძრის დროს დაიწვა.