პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში საფრანგეთს იუნესკო დაეხმარება
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში საფრანგეთს იუნესკო დაეხმარება

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (იუნესკო) საფრანგეთს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში დაეხმარება.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, იუნესკო-ს წვლილს ნოტრ დამის რესტავრაციაში ორგანიზაციაში 16 აპრილს განიხილავენ. ორგანიზაცია პარიზის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარს ფასდაუდებელ მემკვიდრეობას უწოდებს.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარს უკვე რამდენიმე საათია, 400 მეხანძრე და სპეციალური ამწევი პლატფორმებით აღჭურვილი 15 სახანძრო მანქანა ებრძვის.

ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა, თუმცა მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. ამასთან, გადარჩენილია მთავარი რელიკვიები – მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა ხანძარს გადაურჩა

საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ტაძარში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად ყველა ზომას მიმართავენ, გარდა სახანძრო ვერტმფრენებისა, რადგან სახანძრო ვერტმფრენების გამოყენებით დაინგრევა ის კონსტრუქციებიც, რომელთა გადარჩენის შანსი არსებობს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მოვლენების განვითარების ყველაზე ცუდი სცენარი თავიდან არის აცილებული და ტაძრის აღსადგენად საჭირო თანხის შესაგროვებლად საერთაშორისო კამპანიის დაწყება დააანონსა.

პარიზის ღვითსმშობლის ტაძარი აშენებულია XII-XIV საუკუნეებში. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ის კუნძულ სიტეზე მდებარეობს, რომელსაც პარიზის ცენტრში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის. ტაძარში ინახება ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი რელიკვია – ქრისტეს ეკლის გვირგვინი. ასევე, ტაძარში წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ორღანი.