ემანუელ მაკრონი - ჩვენ აღვადგენთ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს
ემანუელ მაკრონი - ჩვენ აღვადგენთ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარს საშინელი ტრაგედია უწოდა, თუმცა ამავე დროს აღნიშნა, რომ მოვლენების განვითარების ყველაზე ცუდი სცენარი თავიდან არის აცილებული. ეს განცხადება მაკრონმა შემთხვევის ადგილზე მისვლისას გააკეთა.

„ეს ჩვენი ისტორიაა და ის იწვის. ჩვენ აღვადგენთ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს“, – აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა.

მან ტაძრის აღსადგენად საჭირო თანხის შესაგროვებლად საერთაშორისო კამპანიის დაწყება დააანონსა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა მთელი ერის სახელით ასევე მადლობა გადაუხადა საგანგებო სამსახურებს თავდადებისა და პროფესიონალიზმისთვის.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარს უკვე რამდენიმე საათია, 400 მეხანძრე და სპეციალური ამწევი პლატფორმებით აღჭურვილი 15 სახანძრო მანქანა ებრძვის.

ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა, თუმცა მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. ამასთან, გადარჩენილია ქრისტეს ეკლის გვირგვინი – ერთ-ერთი მთავარი რელიკვია, რომელიც ტაძარში ინახებოდა.

საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ტაძარში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად ყველა ზომას მიმართავენ, გარდა სახანძრო ვერტმფრენებისა, რადგან სახანძრო ვერტმფრენების გამოყენებით დაინგრევა ის კონსტრუქციებიც, რომელთა გადარჩენის შანსი არსებობს.

პარიზის ღვითსმშობლის ტაძარი აშენებულია XII-XIV საუკუნეებში. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ის კუნძულ სიტეზე მდებარეობს, რომელსაც პარიზის ცენტრში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის. ტაძარში ინახება ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი რელიკვია – ქრისტეს ეკლის გვირგვინი. ასევე, ტაძარში წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ორღანი.

დატოვე კომენტარი