რა დეტალებს იხსენებს „ლეოგრანდში“ ხანძრის კიდევ ერთი თვითმხილველი
რა დეტალებს იხსენებს „ლეოგრანდში“ ხანძრის კიდევ ერთი თვითმხილველი

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის თვითმხილველი ვახტანგ კახიძე მომხდარის დეტალებს იხსენებს. როგორც მან პირველ არხს განუცხადა, სარბენ ბილიკზე ვარჯიშობდა, როდესაც მძაფრი სუნი იგრძნო, ხოლო შემდეგ დაინახა, რომ ოთახის ყველა მხრიდან კვამლი შემოდიოდა.

მისი თქმით, შენობიდან გამოსვლა ლიფტის საშუალებით შეძლო. როგორც ვახტანგ კახიძე ამბობს, მოგვიანებით, შეიტყო რომ შუქის ჩაქრობის შემდეგ, მეორე ლიფტი გაიჭედა და, მისი ინფორმაციით, იქ მყოფი შვიდი ადამიანი დაიღუპა.

„კვამლი ძალიან ჩქარი ტემპით ვრცელდებოდა. ჭერიდან ჩამოდიოდა, დარბაზი კვამლით გაივსო, მხედველობა უკვე იზღუდებოდა. ერთი ლიფტი ჩანდა და იქ ჩავისუნთქე, სუნთქვა შევიკავე და მივასწარი ლიფტამდე. გამოვიძახე ლიფტი და გაგვიმართლა, ჩქარა მოვიდა და ვინც ახლო-მახლო იყო, ყველა გამოვიყვანეთ. ლიფტში ვიქნებოდით 10 კაცამდე, მაგრამ როგორც გავიგე, როდესაც შუქი ჩაქრა, მეორე ლიფტი გაიჭედა და იქ მყოფი შვიდი ადამიანი, ალბათ, დაიღუპა.

ძირს რომ ჩამოვედით, გავიგე, რომ ჩვენი მეგობრები შენობაში დარჩენილან, ერთ-ერთმა ტელეფონით გადმოგვირეკა, შველას ითხოვდა. საპირფარეშოში დარჩა, ვეღარ გამოდიოდა. მეხანძრეებსა და ტელევიზიის წარმომადგენლებს მივმართე, ვთხოვდი, დავხმარებოდით, ათი წუთის შემდეგ ტელეფონზე აღარ უპასუხია“, – იხსენებს თვითმხილველი.

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა.

შსს-ს ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს – არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულთა შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ერთი მეხანძრე-მაშველი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

ხანძარი სასტუმროში 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა.