„რუსთაველის“ მეტროში ინციდენტის თვითმხილველი - ჩვეულებრივ ბიჭებს ეს წვერებიანი და კიკინებიანი ბიჭი არ მოეწონათ და ალბათ, მაგიტომ იჩხუბეს
„რუსთაველის“ მეტროში ინციდენტის თვითმხილველი - ჩვეულებრივ ბიჭებს ეს წვერებიანი და კიკინებიანი ბიჭი არ მოეწონათ და ალბათ, მაგიტომ იჩხუბეს

ჩვეულებრივ ბიჭებს ეს წვერებიანი და კიკინებიანი ბიჭი არ მოეწონათ და ალბათ, მაგიტომ იჩხუბეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „რუსთაველის“ მეტროში ინციდენტის თვითმხილველმა, მეტროს თანამშრომელმა დანი ტატუნაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ახალგაზრდებს რამდენიმე მამაკაცი მეტროს ესკალატორთან ფიზიკურად გაუსწორდა.

როგორც თვითმხილველი ამბობს, ერთ-ერთმა მათგანმა გონება დაკარგა, თუმცა მალევე მოასულიერეს და ტერიტორია მეგობრებთან ერთად დატოვა.

„მოდიოდნენ ესკალატორზე ხმაურით. რომ გადმოვიდნენ, დაახლოებით ექვსი ბიჭი დაელოდა სხვებს და შემდეგ დაუწყეს ცემა ახალგაზრდებს, იქვე, ესკალატორთან. ერთი ცუდად გახდა, მე პატრულსაც დავურეკე. შემდეგ ის პირები გაიქცნენ. დაახლოებით 10 წუთი გაგრძელდა ჩხუბი. პატრულმა შეიყვანა ყველა. დაშავებული იყო წვერიანი მამაკაცი, რომელიც დავარდა, გული წაუვიდა და ასულიერებდნენ. მერე გონებაზე მოიყვანეს და წავიდა. ბიჭებმა წაიყვანეს. ჩვეულებრივ ბიჭებს ეს წვერებიანი და კიკინებიანი ბიჭი არ მოეწონათ და ალბათ, მაგიტომ იჩხუბეს. 10-ნი იქნებოდნენ სულ. ესკალატორიდან რომ ამოვიდნენ, მაშინვე ატყდა ჩხუბი. ორივე მხრიდან ბევრნი იყვნენ. თვითონ ბიჭებმა გააშველეს ჯერ ერთმანეთი და მერე პატრულმა გააშველა“,- განაცხადა თვითმხილველმა.

„რუსთაველის“ მეტროში ორ ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდარზე შსს-მ გამოძიება ხულიგონობისა და რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილი ძალადობის მუხლებით დაიწყო.

ამასთან, საქმის გამოძიების ფარგლებში გამოკითხეს საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი თეონა მანაგაძე, რომელიც მეტროში მომხდარს შეესწრო და ვიდეო გადაიღო.