ქაშმირის სადავო რეგიონში პაკისტანმა ინდოეთის მიერ კონტროლირებული ტერიტორია დაბომბა
ქაშმირის სადავო რეგიონში პაკისტანმა ინდოეთის მიერ კონტროლირებული ტერიტორია დაბომბა. ინდოეთის მედიასაშუალებები წერენ, რომ პაკისტანელმა სამხედროებმა იერიში დასახლებულ პუნქტებზე მიიტანეს.
ინდოეთის არმიის ჯარისკაცებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. ორმხრივი სროლა ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
ინდოეთი პაკისტანს ცეცხლის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებს.
ინდოეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობა 14 თებერვალს გამწვავდა, როდესაც ინდოეთის ადმინისტრირებულ ქაშმირში სამხედროების ავტობუსები ააფეთქეს. შედეგად, 40-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება „ჯაიშ ე მოჰამადმა“ აიღო, რომელიც პაკისტანშია ბაზირებული. ინდოეთმა პაკისტანი ტერორისტების დახმარებაში დაადანაშაულა და 25 თებერვალს „ჯაიშ ე მოჰამადის“ ბანაკი დაბომბა.