ქაშმირში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა
ქაშმირში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

ინდოეთის ქაშმირში წყალდიდობის შედეგად დაიღუპა 13 და უგზო-უკვლოდ დაიკარგა სულ მცირე სამი ათეული ადამიანი. ამის შესახებ „როიტერი“ იტყობინება.

ადგილობრივი რელიგიური პილიგრიმობის დროს, ინდუიზმის ათიათასობით აღმსარებელი ერთ-ერთი სალოცავი გამოქვაბულისკენ მიემართება, სადაც არის ყინულის სტალაგმიტები და რომელიც ღმერთ შივას ფიზიკურ გამოვლინებად ითვლება. სწორედ ამ ტერიტორიაზე მოხდა წყალდიდობა. ქაშმირის პოლიციის უფროსის განცხადებით, ჩატარებული სამაშველო ოპერაციის დროს გამოქვაბულთან რვა გარდაცვლილი იპოვეს.

„წყალდიდობის შედეგად ზოგიერთი კარავი და სათემო სამზარეულო ჩამოირეცხა“, – განაცხადა ქაშმირის პოლიცის უფროსმა.

კიდევ ერთი ოფიციალური პირის განცხადებით, დაღუპულთა რიცხვი არა რვა, არამედ 13-ია, რადგან დამატებით მათ ხუთი გარდაცვლილი აღმოაჩინეს.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ „ტვიტერის“ საშუალებით დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

აღნიშნული გამოქვაბული მთელი წლის განმავლობაში თოვლითაა დაფარული, მაგრამ ზაფხულის პერიოდში ტემპერატურის მატება მისასვლელ უღელტეხილებს ასუფთავებს. წლევანდელი პილიგრიმობა კორონავირუსით გამოწვეული ორწლიანი პაუზის შემდეგ ტარდება.