„ქართული ოცნების“ ოფისთან დაკავებული ოთხი პირი თბილისის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს
„ქართული ოცნების“ ოფისთან აქციაზე დაკავებული ოთხი პირი თბილისის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. სამმართველოსთან შეკრებილები არიან დაკავებულების ახლობლები და ორგანიზაცია „შეცვალეს“ წევრები.
დაკავებულების უფლებებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი მინაშვილი იცავს.
მინაშვილის განცხადებით, დაკავებულები არიან ოთარ დანელია, ბექა პაპაშვილი, ტიტე გედენიძე და ნიკა ფარულავა.
„მათი დაკავება მოხდა პირდაპირ ეთერში. ყველამ კარგად იცის, ისინი დაკავებულები არიან იმიტომ, რომ გამოხატავდნენ პროტესტს ივანიშვილის წინააღმდეგ. ეს იყო მათი გამოხატვის თავისუფლება. მათ დაკავების დროს განუმარტეს, რომ თითქოს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ვიღაცას. დღევანდელ საქართველში ახალგაზრდების დაჭერები ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო სტადია, რომელმაც ქვეყანას გაღარიბება მოუტანა. ამ ბავშვების განწყობა არის, რომ ისინი არ გაჩერდებიან და ბოლომდე იბრძოლებენ, გააგრძელებენ საკუთარ პროტესტს. ივანიშვილის ხელისუფლება ძალიან მალე დასრულდება“,- განაცხადა მინაშვილმა.
მოძრაობა „შეცვალეს“ წევრის, მარიამ რიგვავას თქმით, ივანიშვილმა მათ მოძრაობას ომი გამოუცხადა.
„მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტები უსაფუძვლოდ და უკანონოდ დააკავეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამით არ შევშინდებით და ბრძოლას არ შევწყვეტთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს მარიამ რიგვავამ.
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, მოძრაობა „შეცვალეს“ ოთხი წევრი დღეს დააკავეს.