მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა შსს-სთან აქცია გამართეს
მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა შსს-სთან აქცია გამართეს

მოძრაობამ „შეცვალე“ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართა.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ვარკეთილის სასაფლაოზე სპეცრაზმელის ცემის შედეგად მოკლული 24 წლის მურად წურწუმიას ოჯახის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. მათივე თქმით, მთავარი მოთხოვნაა, საქმეში მონაწილე ყველა პირის დასჯა. „შეცვალეს“ წევრები ამბობენ, რომ ძალოვანი უწყებები ხელს აფარებენ მეორე სპეცრაზმელს, რომელიც ცემაში მონაწილეობდა.

„ჩვენ ვაპროტესტებთ პოლიციურ რეჟიმს და ვაპროტესტებთ იმას, რომ სისტემა კლავს. ჩვენ ვნახეთ, რომ ცემაში მოკლეს სამართალდამცაველებმა ადამიანი, საქართველოს მოქალაქე. ქვეყანას, სადაც სამართალდამცველები ცემაში კლავენ ადამიანს, განვითარება და მომავალი არ უწერია. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ამ საქმის დროული და სამართლიანი გამოძიება, წინააღმდეგ შემთხვვაში, პასუხისმგებლობა ეკისრება შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, პრემიერ გიორგი გახარიას და ყველა იმ მაღალჩინოსანს, რომელიც ვალდებულია, ასეთი სისტემური დანაშაული დაასრულონ ქვეყნაში“, – განაცხადა მოძრაობა „შეცვალეს“ წევრმა, ტიტე გედენიძემ.

აქციის მონაწილეებმა შსს-ს შენობასთან წითელი საღებავით ასფალტზე ხელის ანაბეჭდებიც დატოვეს.

შსს-ს ინფორმაციით, 2 იანვარს თბილისში, ე.წ. დამპალოს სასაფლაოს ტერიტორიაზე მ.ჩ.-ს და მ. წ.-ს მიმართ განხორციელებული ცემის და მ.წ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, 3 იანვარს გამოძიება დაიწყო. გამოძების ფარგლებში საგამოძიებო უწყებამ ერთი პირი დააკავა. ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ შსს-ს თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 7 იანვარს შეეფარდა.