პროკურორი - ბრალდებულმა არასრულწლოვანმა ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულში მონაწილეობა უარყო
პროკურორი - ბრალდებულმა არასრულწლოვანმა ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულში მონაწილეობა უარყო

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს ბრალდებული არასრულწლოვანი დაიკითხა. სასამართლოს ჩვენება მან პირველად მისცა. აღნიშნული არასრულწლოვანი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს, მკვლელობის დღეს დააკავეს. მას ორი არასრულწლოვნის ჯგუფურად განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.

დახურული სხდომიდან გამოსულმა, ერთ-ერთი მოკლული მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ განმარტა, რომ არასრულწლოვანმა სხვა პირების შესაძლო ბრალეულობაზე ისაუბრა. გარდა ამისა, ზაზა სარალიძემ აღნიშნა, რომ არასრულწლოვანმა მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა.

საქმის პროკურორმა, ზვიად ფხაკაძემ კი განმარტა, რომ დაკითხული ბრალდებულის ჩვენება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან თანხვედრაში არ მოდის.

„დაიკითხა ერთ-ერთი ბრალდებული, რომელსაც ბრალად ედება ორი ან მეტი არასრულწლოვანი პირის განზრახ მკვლელობა, ასევე ქმედება ჩადენილი ჯგუფურად. ხსენებულმა პირმა ბრალად შერაცხული ქმედება აბსოლუტურად გამორიცხა და მისი ჩვენების მიხედვით ირკვევა, რომ გარდაცვლილი პირების დაზიანებაში, დაჭრას თავი რომ დავანებოთ, მონაწილეობა არ მიუღია. ეს არის ბრალდებულის ჩვენება, რომელიც უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან ურთიერთშეჯერებით.

მკაფიოდ და ცალსახად ვაცხადებ, რომ ხსენებული პირის ჩვენება აბსოლუტურად აცდენილია საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და მხოლოდ მის მიერ გაკეთებულ განცხადებას ემყარება. გარკვეულ დეტალებზე ვარაუდით ისაუბრა, დეტალურად არ უსაუბრია კონკრეტული პირის მიერ კონკრეტულ პირზე დანის დარტყმასთან დაკავშირებით. ისიც ვერ დაადასტურა ხსენებულმა პირმა, სხვა რომელიმე პირს ეჭირა თუ არა დანა, დაუნახა თუ არა, ესეც ვერ დაადასტურა. აცხადებდა გაურკვეველ ნივთს, ამბობდა, რომ ვარაუდით დაინახა“, – განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.

მისივე თქმით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს ჩვენება გაზიარებადია, მას დაეყრდნობა.

„ხსენებული ბრალდებული გამოძიების სტადიაზე დაკითხული არ არის, დუმილის უფლება გამოიყენა, მაგრამ მასთან განხორციელებულია ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, სადაც ის დეტალებზე საუბრობს. თუმცა, ხსენებულ დეტალებზე განაცხადა, რომ ეს იყო მის მიერ ზემოქმედების ქვეშ იყო მიცემული და იმ მომენტში რაც გაახსენდა, ის გააჟღერა. აცხადებს, რომ იმ დროს, როცა ფარული ჩაწერა მიდიოდა, ნაწილს სიმართლეს ამბობდა, ნაწილს კი არა სიმართლეს. ხსენებული ბრალდებულის დაკავებიდან დაახლოებით ექვსი თვეა გასული და სწორედ დღეს განაცხადა ამ დეტალების თაობაზე, თითქოს არასწორი ინფორმაცია მიუწოდებია ფარულ ჩანაწერში. მას დაკავებისთანავე ჰყავდა ადვოკატი, თუმცა, დღემდე ეს ინფორმაცია, რაც სასამართლო სხდომაზე განაცხადა, არც მისმა ადვოკატებმა გააჟღერეს და არც მანამდე მისცა ჩვენება“, – აღნიშნა ზვიად ფხაკაძემ.

პროკურორის განცხადებით, ბრალდების მხარის პოზიციით, სასამართლომ დღევანდელი ჩვენება არ უნდა გაიზიაროს.

„თუ ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენება საქმიდან დაიკარგა, ეს ნონსესია, ვინაიდან ბრალდებულმა ისაუბრა, თითქოს, იმ რაღაც დოკუმენტში ჰქონდა დაფიქსირებული რაღაც დეტალები. დამერწმუნეთ, ეს მხოლოდ ბრალდების სასარგებლო ინფორმაციაა. ბრალდების სასარგებლო ინფორმაციას ბრალდების მხარე როგორ გააქრობდა საქმიდან, ალოგიკურია. ბრალდების მხარის პოზიციიდან, ეს ჩვენება რა თქმა უნდა, სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს. აბსურდული ინფორმაცია მოგვაწოდა. ერთ ადვოკატს ერთსა და იმავე გარემოებაზე სხვა პასუხი გასცა, მეორე ადვოკატს იმავე გარემოებაზე სხვა პასუხი გასცა. ბრალდების მხარემ როცა ფოტოსურათები წარვუდგინეთ, შემთხვევის ადგილის დართული დეტალები, ჩვენ იმავე საკითხზე სხვა პასუხი გაგვცა“, – განაცხადა ფხაკაძემ.

საქმეზე შემდეგი სხდომა 24 მაისსაა ჩანიშნული.