პრეზიდენტი - დიდი მადლობა მათ, ვინც თავის სიცოცხლეს თითოეული მოქალაქისთვის რისკავდა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სპეცოპერაციისას დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს მიუსამძიმრა და მადლობა გადაუხადა სამართალდამცავებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტულ ოპერაციაში.
“მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილი სპეცრაზმელის ოჯახს. ჩვენ შორის არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად თავის სიცოცხლეს სწირავენ და რისკის ქვეშ აყენებენ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ დაცულები. მადლობა უნდა ვუთხრათ ყველა იმ საგანგებო დანიშნულების ჯგუფს, რომელიც ამ დღის განმავლობაში მუშაობდა უმნიშვნელოვანეს საკითხზე – ერთი მხრივ, ოპერაციის ჩატარებაზე და მეორე მხრივ, მოქალაქეების გარიდებაზე საშიში ზონიდან, მათ მშვიდად იქიდან გამოყვანაზე და ეს არის თითოეული გმირობის მაგალითი, რომელსაც ჩვენი საგანგებო დანიშნულების მებრძოლები ახორციელებენ. სამწუხაროდ, ამ მომენტში არიან ხოლმე დაჭრილები და გარდაცვლილები. დიდი მადლობა მათ, ვინც თავის სიცოცხლეს თითოეული მოქალაქისთვის რისკავდა”,- აღნიშნა პრეზიდენტმა.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაიჭრა ოთხი სამართალდამცავი და ერთი დაიღუპა.