ვახტანგ გომელაურმა სპეცოპერაციისას გარდაცვლილი ივანე გოლაშვილის ოჯახს „მედალი მამაცობისთვის“ გადასცა
ვახტანგ გომელაურმა სპეცოპერაციისას გარდაცვლილი ივანე გოლაშვილის ოჯახს „მედალი მამაცობისთვის“ გადასცა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას გარდაცვლილი ივანე გოლაშვილის ოჯახს მედალი გადასცა.

სპეცრაზმელი ივანე გოლაშვილი გარდაცვალების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის დააჯილდოვა.

„მედალი მამაცობისთვის“ ვახტანგ გომელაურმა დაღუპული სპეცრაზმელის მეუღლეს დღეს გადასცა.

ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი ივანე გოლაშვილი, რომელიც თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას დაიღუპა, პრეზიდენტს ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზე წარუდგინა.

მთავრობის მეთაური გარდაცვლილი სპეცრაზმელის ოჯახს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან ერთად შეხვდა.

„ვანო გოლაშვილის გმირობა მართლაც სამაგალითოა. სწორედ ასეთი ადამიანების თავდადებასა და გმირობაზე დგას საქართველო. დარწმუნებული ვარ, მისი შვილები – მარიამი და გიორგიც ისევე იამაყებენ მამით, როგორც მთელი საქართველო ამაყობს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

დატოვე კომენტარი