ანტიტერორისტული ოპერაციისას დაზიანებულ კორპუსში სარემონტო სამუშაოები სავარაუდოდ, სამ-ოთხ თვეში დასრულდება
ანტიტერორისტული ოპერაციისას დაზიანებულ კორპუსში სარემონტო სამუშაოები სავარაუდოდ, სამ-ოთხ თვეში დასრულდება

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე ანტიტერორისტული ოპერაციისას დაზიანებული კორპუსის გამაგრების სამუშაოების პირველი ეტაპის მიმდინარეობას გაეცნენ. სამუშაოების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ავარიული კორპუსი სრულად გამაგრდება.

როგორც თბილისის ვიცე მერმა ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, 30 მესაკუთრეს, რომელთა ავტომობილებიც სპეცოპერაციის დროს დაზიანდა, მერიის მხრიდან ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ.

ირაკლი ხმალაძის თქმით, სარემონტო სამუშაოების ზუსტი ღირებულება უცნობია, ვინაიდან ზარალი სრულად არ დათვლილა.

„ავტომფლობელებისთვის ზარალის ანაზღაურებას რაც შეეხება, მათ უმრვალესობას ურჩევნია, თანხით ანაზღაურება მოხდეს, რათა დაზიანებული ავტომობილები თვითონ შეაკეთონ, ისევე როგორც ბინების მესაკუთრეების ნაწილსაც ურჩევნია, თანხით მოხდეს კომპენსირება და სარემონტო სამუშაოები თავად ჩაატარონ. ჩვენ ამ კუთხით მოქნილები ვართ“, – განაცხადა ხმალაძემ.

ისნის რაიონის გამგებლის კახა ლაბუჩიძის განმარტებით, სარემონტო სამუშაოები ერთდროულად ცხრა ბინაში მიმდინარეობს. მისი თქმით, ყველაზე მეტი დრო ე.წ დუპლექსის ტიპის ბინას დასჭირდება. როგორც ლაბუჩიძე ამბობს, სარემონტო სამუშაოები ჯამში 3-4 თვეში დასრულდება.

ოჯახები, რომელთა სახლების რემონტიც მიმდინარეობს, ამ ეტაპზე, დროებით სასტუმროში იმყოფებიან და მას შემდეგ, რაც კომპენსაციები სრულად გაიცემა, ოჯახებს ქირით მათ მიერ შერჩეულ სახლებში გადაიყვანენ.

გამგებლის განმარტებით, სპეცოპერაციის დროს დაზიანებული 30 მანქანიდან 11-ის მფლობელთან შეთანხმება მიღწეულია და ანაზღაურებას ისინი მომავალ კვირას მიიღებენ.

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მეექვსე შესახვევში მდებარე მე-9 კორპუსი, სადაც 72 ოჯახი ცხოვრობს, თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის დასკვნით, ავარიულობის მიხედვით დაზიანების მესამე ხარისხს განეკუთვნება. შენობაში კვლევითი და აღდგენითი სამუშაოები საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისთანავე დაიწყო.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული ოპერაცია 22 ნოემბერს ჩატარდა.

ოპერაციის დროს სუს-ის ერთი თანამშრომელი დაიღუპა. დაჭრილია სპეცსამსახურის ორი და შსს-ს ორი თანამშრომელი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის სტაბილურია.

დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. ანტიტერორისტული ოპერაციის დროს არ დაშავებულა არც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული ოპერაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ჩაატარა.