ეკა ბესელია - შესაბამის სამსახურებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა იმუშაონ, რომ ამ უსერიოზულეს გამოწვევებს უპასუხონ
ეკა ბესელია - შესაბამის სამსახურებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა იმუშაონ, რომ ამ უსერიოზულეს გამოწვევებს უპასუხონ

ტერორისტული დანაშაული არის ყველაზე რთული და ყველაზე მთავარი გამოწვევა ყველა ქვეყნისთვის. თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურები უნდა მუშაობდნენ გამართულად და ქვეყნის მოსახლეობას უნდა ჰქონდეს დაცვის ყველა მექანიზმი და ბერკეტი, მაშინ ამ სამსახურებსაც უნდა მივცეთ შესაძლებლობა, იმუშაონ და ჰქონდეთ შესაბამისი სამართლებრივი თუ პოლიტიკური გარანტიები იმისთვის, რომ ამ უსერიოზულეს გამოწვევებს უპასუხონ,”-ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულ კონტრტერორისტულ ოპერაციას.

მისი თმით, პირველი, რაც გამოქვეყნდა, იყო შუალედური ინფორმაცია, რომელიც გამოძიებამ მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გახადა საჯარო და ეს შუალედური ინფორმაცია არის სწორედ ამ კითხვებზე პასუხი. ეკა ბესელიას განცხადებით, შუალედური ინფორმაციით ჩანს კავშირები იმ პირებთან, რომლებიც თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან იყო დაკავშირებული.

მისივე თქმით, კითხვების დასმის უფლება აქვს ყველას, თუ ის შესაბამისი სამსახურების იმიჯის შელახვას არ ემსახურება. ეკა ბესელიამ უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ნდობის ჯგუფში მოსვლასთან დაკავშირებითაც გამოხატა პოზიცია. მისი განცხადებით, ნდობის ჯგუფს უსაფრთხოების სამსახურთან კომუნიკაციის და ინფორმაციის მიღების პრობლემა არ აქვს და საჭიროების შემთხვევაში ჯგუფი უსაფრთხოების სამსახურის უფროსს მოუსმენს.

“რაც შეეხება უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოსვლას ნდობის ჯგუფში, ჩვენ გვქონდა იმ შეხვედრაზე საუბარი არა მხოლოდ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე, არამედ შესაძლო კავშირებზეც, რომელიც ჰქონდათ იმ ადამიანებს, ვინც იყვნენ სპეცოპერაციის დროს და ეს ინფორმაცია ჰქონდათ ნდობის ჯგუფის წევრებსაც. თუ საჭიროდ ჩავთვლით, რომ რაიმე ახალია, მნიშვნელოვანია, რომელიც უნდა იცოდნენ ნდობის ჯგუფის წევრებმა, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ისეთი, რომ არანაირი პრობლემა უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოსვლის ან მისგან ინფორმაციის მიღების, ნდობის ჯგუფს არ აქვს”,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ეკა ბესელიამ.