ე.წ. ტერორიზმის საქმეში ბრალდებულთა წინასასამართლო სხდომა დღეს გაგრძელდება
ე.წ. ტერორიზმის საქმეში ბრალდებულთა წინასასამართლო სხდომა დღეს გაგრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეში ბრალდებული 8 პირიდან 6-ის მიმართ წინასასამართლო სხდომა განახლდება.

სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობისა და საქმის არსებითი განხილვისთვის გადაცემის საკითხი გადაწყდება. 6 ბრალდებულიდან ორს – შოაიფ ბორზიევსა და რუსლან შავაძეს, რომელიც მიმალვაშია, გამოძიება ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას, დანარჩენებს კი აღნიშნული პირებისთვის დახმარებას ედავება.

ერთ-ერთი ბრალდებულის, ზურაბ იდოიძის ადვოკატი დავით მოდებაძე აცხადებს, რომ დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

„პროცესზე პროკურორი იშუამდგომლებს, რომ საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყოს, დაცვის მხარე კი ამ შუამდგომლობას არ დაეთანხმება და სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვს. საქმეში არ არის იმ სტანდარტის მტკიცებულებები, რაც უნდა იყოს წინასასამართლო სხდომის პროცესზე. ზურაბ იდოიძე არ ცნობს თავს დამნაშავედ, შესაბამისად, სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოვითხოვთ. თუ სასამართლო გადასცემს საქმეს არსებითი განხილვისთვის, ჩვენი პოზიცია იქნება, გავმართლდეთ არსებითი განხილვის დროს“, – განაცხადა ადვოკატმა დავით მოდებაძემ.

ე.წ. ტერორიზმის საქმეში ბრალდებული 8 პირიდან, ორის საქმე ცალკე ეპიზოდადაა გამოყოფილი. წარდგენილი ბრალდების თანახმად, ისინი ახმედ ჩატაევსა და მისი დაჯგუფების წევრებს საქართველოში შემოსვლასა და სხვა უკანონო ქმედებებში დაეხმარნენ. მათი საკითხი სასამართლოს არსებითი განხილვისთვის რამდენიმე დღის წინ გადაეცა.

ანტიტერორისტული სპეცოპერაცია თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 22 ნოემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა, რა დროსაც 3 პირის ლიკვიდირება მოხდა.