პრეისტორიული სამარხები მიუთითებს, რომ ქონებრივი უთანასწორობა ქვის ხანაშიც არსებობდა — #1tvმეცნიერება
პრეისტორიული სამარხები მიუთითებს, რომ ქონებრივი უთანასწორობა ქვის ხანაშიც არსებობდა — #1tvმეცნიერება

როგორც ირკვევა, აშკარა ქონებრივი უთანასწორობა მდიდრებსა და ღარიბებს შორის ადრეულ პრეისტორიულ ევროპაშიც არსებობდა და ეს უთანასწორობა ადამიანებს სიცოცხლის შემდეგაც მიჰყვებოდათ.

პოლონეთში ჩატარებული ახალი არქეოლოგიური კვლევის თანახმად, ნეოლითის ხანის უმდიდრეს ადამიანებს ყველაზე ეგზოტიკურ არტეფაქტებთან ერთად კრძალავდნენ.

პატარა ქალაქ ოსლონკიში არსებული 6600 წლის წინანდელი სამარხების კვლევისას, არქეოლოგთა მიზანი იყო გაერკვიათ, რა კულტურები მოჰავდათ ნეოლითის ხანის გლეხებს და რას ჭამდნენ მაშინ.

აღმოჩნდა, რომ მდიდარი რაციონი დაკავშირებული იყო საფლავებში ჩატანებულ ყველაზე ძვიფრფას არტეფაქტებთან.

როგორც ირკვევა, არტეფაქტები, რომლებსაც იმ პერიოდში საფლავში ატანდნენ, ოჯახის წევრთა მიერ გაღებული უბრალო შესაწირი კი არ იყო, არამედ პირდაპირ ასახავდა სიცოცხლეში არსებული მატერიალურ სიმდიდრეს.

„აღმოვაჩინეთ ერთ-ერთი ყველაზე ადრეული მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს პრეისტორიულ ევროპაში სოციალურ სოციალურ სტატუსსა და გრძელვადიან კვების რაციონს შორის არსებულ პირდაპირ კავშირზე“, — ამბობს შვედეთის ქალაქ უმეოს უნვერსიტეტის არქეოლოგი და ანთროპოლოგი ჩელი ბადი.

მისივე თქმით, მომსწრე ვართ ადრეულ პრეისტორიულ საზოგადოებებში სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობის გამოჩენისა, „ქონისა“ და „არქონისა“, თანაც იმაზე უფრო ადრეულ პერიოდში, ვიდრე აქამდე გვეგონა.

200 წლის განმავლობაში დამარხული 30 ადამიანის ძვლების ანალიზისას, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა დაადგინა, რომ ის ჩონჩხები, რომლებიც უფრო მეტ ნახშირბად-13-ის იზოტოპს შეიცავდა, ხშირად დაკრძალული იყო უფრო ძვირფას ნივთებთან ერთად; ისინი ძირითადად სპილენძისგან იყო დამზადებული.

ამ იზოტოპს სხვადასხვა საკვები სხვადასხვა რაოდენობით შეიცავს, საიდანაც ხვდება ადამიანის ქსოვილებში და შესაბამისად, გარკვეულ პოტენციურ ცნობებს გვაწვდის სიცოცხლეში ადამიანის კვების რაციონის შესახებ. თუმცა, ნახშირბად-13-ს ნეოლითური საკვების შესახებ არც ისე ბევრი რამის თქმა შეუძლია. უფრო შესაძლოა შემოგვთავაზოს ცნობები ყოველდღიური კვების შესახებ, მაგრამ ამ რეგიონში ამის მწირი მტკიცებულებაა.

ეს ფაქტი შეიძლება იმაზეც მიუთითებდეს, რომ ზოგიერთ ადამიანს წვდომა ჰქონდა ისეთ მცენარეებსა და ცხოველებზე, რომლებიც დანარჩენებისგან იზოტოპურად განსხვავდებოდნენ. ასეთი იზოტოპური ბალანსი ასევე შეიმჩნევა ამ ზონაში აღმოჩენილი პირუტყვის ძვლებში.

ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ზოგ ადამიანსა და ცხოველებს სხვებთან შედარებით პრივილეგირებული წვდომა ჰქონდათ ვრცელ მინდვრებზე და მზით განათებულ ქორფა საძოვრებზე (რაც მცენარეში უფრო მეტ ნახშირბად-13-ს განაპირობებს).

„სავარაუდოდ, საზოგადოების დამფუძნებელ წევრებს ამ მინდვრებზე პრივილეგირებული წვდომა ჰქონდათ და ამას გარდა, ასევე უნდა ჰქონოდათ გაცვლა-გამოცვლის ქსელი, რომლითაც მათამდე სპილენძის ეგზოტიკური ორნამენტები აღწევდა“, — წერენ მკვლევრები.

მათივე განცხადებით, მართალია, სპეკულაციურია, მაგრამ სწორედ ასეთი გახლავთ შესაძლო სცენარი თუ გავითვალისწინებთ ეთნოგრაფიულ მტკიცებულებათა მრავალფეროვნებას.

გარდა ამისა, სავსებით შესაძლებელია, რომ ეს მიწები მემკვიდრეობით გადაეცემოდათ, რაც წარმოაჩენს მემკვიდრეობითი სიმდიდრის ერთ-ერთ ადრეულ ფორმას.

კონკრეტიკას რომ თავი დავანებოთ, აღმოჩენა მიუთითებს, რომ კვების რაციონში გარკვეული განსხვავებები არსებობდა სპილენძის ნივთებთან ერთად და მათ გარეშე დაკრძალულთა შორის.

აღმოჩენილ სპილენძის არტეფაქტებს შორის არის 50 ფირფიტა, მძივის 200 ბურთულა, ხუთი კულონი და დიადემა. სავარაუდოდ, ისინი ასობით კილომეტრის მანძილიდან იყო მოტანილი, რაც კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ისინი საზოგადოების უმდიდრეს ადამიანებს ეკუთვნოდა.

ძვ. წ. 4500 წლისთვის, როდესაც ოსლონკი და სხვა მიმდებარე ძეგლები გაურკვეველ მიზეზთა გამო მიატოვეს, ჩრდილოეთ ევროპაში სპილენძის ორნამენტთა წარმოდგენა დაახლოებით ათასწლეულის განმავლობაში შეწყდა, რაც მიუთითებს, რომ ეს ქალაქი იმ სავაჭრო ქსელის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, რომელშიც ეს ძვირფასი ნივთები მოძრაობდა.

„ეს სისტემა საკმაოდ ხანმოკლე პერიოდით წარმოაჩენს იერარქიული სტრუქტურების ჩამოყალიბების ადრეულ მცდელობას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ყოველთვის წარმატებული არ იყო“, — შენიშნავენ კვლევის ავტორები.

მიუხედავად იმისა, რომ გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ევროპის საზოგადოებებს შორის შემოსავლების უთანასწორობის გარკვეული მტკიცებულებები აქამდეც არსებობდა, ეს ახალი კვლევა გვთავაზობს, რომ ქონებრივი უთანასწორობა, რის წინაშეც დღეს დგას მსოფლიო, ისტორიაში საკმაოდ შორს მიდის.

კვლევა ჟურნალ Antiquity-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.