„პოროშენკოსა და ივანიშვილს მთავარი ანტირუსული პოლიტიკოსის, სააკაშვილის იზოლირება უნდათ“
დარწმუნებული ვარ, ივანიშვილს არ უნდა სააკაშვილი საქართველოში და თუ ის აქ მოხვდება, ივანიშვილი ამის შედეგს ძალიან მალე იწვნევს საკუთარ თავზე, – ეს განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ზაზა ბიბილაშვილმა იმ შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა, მოხდება თუ არა მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირება.
,,არ მინდა სპეკულირება, თუ რა მოხდება, მაგრამ ყურადღებით ვადევნებთ თვალს პროცესებს და რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ ყველანაირი სცენარისთვის მზად ვართ. დარწმუნებული ვარ, რომ ხალხის ნებას წინ ვერ აღუდგება ვერცერთი ოლიგარქი და ვერცერთი ოლიგარქის მონა”,- აღნიშნა ბიბილაშვილმა.
ზაზა ბიბილაშვილს მიაჩნია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაკავება მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით ხდება და მას სამართლებრივ პროცედურებთან არავითარი კავშირი არ აქვს.
,,სამჯერ გააგზავნა ამ ხელისუფლებამ უკრაინაში ექსტრადირების მოთხოვნა და სამჯერვე უარი მიიღო. ძალიან მარტივი მიზეზით, ამ მოთხოვნის უკან იყო პოლიტიკური ინტერესები და პოლიტიკური დაკვეთა. ამის შემდეგ შეიცვალა მხოლოდ ის, რომ ივანიშვილი და პოროშენკო შეეკრნენ საკუთარი ოლიგარქიული ინტერესების გადასარჩენად და ეს ხდება ქართველი და უკრაინელი ხალხის ზურგს უკან. იმისთვის, რომ ასეთი ცხოვრება გააგრძელონ, უნდათ პოსტსაბჭოთა სივრცეში მთავარი ანტირუსული პოლიტიკოსი – მიხეილ სააკაშვილის იზოლირება”,- განაცხადა ბიბილაშვილმა.